ოფიციალურად - გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
„„მანჩესტერ სიტი“ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს ჩემი მეცხრე სეზონია აქ. ერთად ბევრი შესანიშნავი მომენტი განვიცადეთ. მართლაც განსაკუთრებული გრძნობები გამაჩნია ამ საფეხბურთო კლუბის მიმართ. აი, ამიტომაც ბედნიერი ვარ, დავრჩე აქ კიდევ ორი სეზონი.
მადლობა ყველას იმისთვის, რომ აგრძელებთ ჩემს ნდობასა და მხარდაჭერას.
მე ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ მე მაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება ისურვოს მწვრთნელმა და ამას ძალიან ვაფასებ. იმედია, შევძლებთ, უფრო მეტი ტიტულის დავუმატოთ იმ კოლექციას, რომელიც უკვე შევაგროვეთ. ეს იქნება ჩემი მიზანი“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურს.
53 წლის სპეციალისტი ინგლისურ კლუბში 2016 წელს გადავიდა „ბაიერნიდან“ და 18 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერლიგის ჩემპიონობა ექვსჯერ და ჩემპიონთა ლიგა.
გასულ სეზონში, გვარდიოლას ხელმძღვანელობით, „მანჩესტერ სიტი“ გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ შეძლო ინგლისის ჩემპიონატის მოგება. ასევე, „სიტიმ“ პრემიერლიგის ისტორიაში პირველმა დააგროვა სეზონში 100-ზე მეტი ქულა (2017-18) და მოიგო ოთხივე საშინაო ტიტული (2018-19).
სულ „სიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში გვარდიოლამ 490-დან 353 მატჩში გაიმარჯვა (72 პროცენტი).