Ofcom-მა ტელეკომპანია Russia Today ლიცენზიის შესაძლო გაუქმების შესახებ გააფრთხილა
Ofcom-მა ტელეკომპანია Russia Today ლიცენზიის შესაძლო გაუქმების შესახებ გააფრთხილა

დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ Ofcom-მა კრემლის დავქედებარებაში არსებული ტელეკომპანია Russia Today ლიცენზიის შესაძლო გაუქმების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Times-ი იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის საქმის ფარგლებში ერთ-ერთ სანქციად დიდი ბრიტანეთის მთავრობა სწორედ ტელეკომპანია Russia Today-ს დახურვას განიხილავს.

როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა 12 მარტს არაერთხელ დააყენეს დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს მაუწყებლობის საკითხი, რაზეც ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის დახურვა ერთ-ერთ სანქციად განიხილება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 12 მარტს თემთა პალატაში გამოსვლისას სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშულა და მოსკოვს ულტიმატუმი წაუყენა. მისი თქმით, ლონდონი კრემლისგან მომხდართან დაკავშირებით განმარტებას 13 მარტის დღის ბოლომდე დაელოდება.