Ofcom-ის ხელმძღვანელი ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კონკურენტუნარიანობისთვის ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
Ofcom-ის ხელმძღვანელი ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კონკურენტუნარიანობისთვის ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს სულ უფრო მეტად დასჭირდებათ თანამშრომლობა იმისთვის, რომ სწრაფი ცვლილებების ეპოქაში კონკურენტუნარიანები იყვნენ – სააგენტო Digital TV Europe-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყების (Ofcom) აღმასრულებელმა დირექტორმა შერონ უაითმა განაცხადა.

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე შერონ უაითმა საზოგადოებრივ მაუწყებლებს მოუწოდა, ადაპტირდნენ ციფრულ ეპოქასთან, განახორციელონ ინვესტიცია ინფორმაციის მიწოდების ახალ მეთოდებში და იპოვონ ახალი გზები ახალგაზრდებამდე მისაღწევად, რადგან ისინი ტრადიციულ ტელევიზიას თანდათან ზურგს აქცევენ.

როგორც ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებლებს შეუძლიათ, პროგრამების იმპორტი ერთობლივი შეთანხმებების გაფორმებით განახორციელონ. შერონ უაითმა მაუწყებლებს წამყვან გლობალურ ციფრულ პლატფორმებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ისეთ კომპანიებთან მუშაობით, როგორც არის Facebook, YouTube, Netflix, Amazon და Apple, საზოგადოებრივ მაუწყებლებს შეუძლიათ, სარგებელი მიიღონ ამ კომპანიების გლობალური წვდომიდან. მათ შეუძლიათ, გაიზიარონ გამოცდილება ტექნოლოგიის, მარკეტინგის, პროგრამების შემუშავების სფეროში ინვესტიციებისა და ციფრულ პლატფორმებზე გამორჩეული მდგომარეობის სანაცვლოდ“, – განაცხადა უაითმა.

„ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებლებს შეუძლიათ, გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ვაჭრობის უნარი, როგორც ამას ტელევიზორების მწარმოებლებთან აკეთებენ. მათ დასჭირდებათ თანამშრომლობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ. ჩვენ გავითვალისწინებთ ამ საჭიროებას, როდესაც ბაზარზე კონკურენციას შევაფასებთ“, – განაცხადა ბრიტანეთის კომუნიაკციების მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ინოვაციებს, როგორც უაითმა განაცხადა, BBC სწორად იქცევა, როდესაც ავითარებს თავის iPlayer-ის სერვისს, მაგრამ, მისი თქმით, მსოფლიო წინ მიდის და თუ BBC-ის სურს, დარჩეს აქტუალური, მან უნდა მიაღწიოს მაყურებლებს ანდა მსმენელებს, სადაც ისინი არის და ისე, როგორც მათთვის არის მოსახერხებელი.

„ეს ნიშნავს კონტენტისადმი სამართლიან და მოქნილ წვდომას“, – აღნიშნა უაითმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებლებს მოუწევთ თანამშრომლობა თავიანთ კონკურენტებთან და საერთო ენის გამონახვა, რათა ცვალებადი ლანდშაფტის პირობებში წინსვლა შეძლონ.

მისი განცხადებით, არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტი ხელმისაწვდომი იყოს ფართო აუდიტორიისთვის – ტელევიზიით, ტელეფონებითა და ციფრული მოწყობილობებით. Ofcom-ის მონაცემებით, ბავშვები ტელევიზორს სამჯერ ნაკლებს უყურებენ ვიდრე, ამას აკეთებდნენ დახლოებით 10 წლის წინ, ხოლო მოზარდებში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს YouTube, ვიდრე BBC.

უწყების ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის კონკურენციის მარეგულირებელმა უწყებამ, რომელიც BBC-ის და სხვა ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლების კომერციულ საქმიანობას სწავლობს, უნდა გაითვალისწინოს გლობალური ინდუსტრიის ცვალებადი დინამიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პროექტები, რომელიც 10 წლის წინ არ დამტკიცდა, შესაძლოა, დღეს მისაღები იყო.

„2007 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა წარმოადგინეს ინიციატივა სახელწოდებით Kangaroo, რომელიც მიზნად ისახავდა მათი პროგრამების მოთხოვნისთანავე მიწოდებას. ის არ დაამტკიცა კონკურენციის მარეგულირებელმა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ის შეასუსტებდა ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეების პოზიციებს. ამის შემდეგ ბაზრის დინამიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, კონკურენციის მარეგულირებელმა უნდა გაითვალისწინო“, – ნათქვამია უწყების ანგარიშში.