ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის შტაბში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება

11:27, 14.04.2022

შავ ზღვაში დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება, – ამის შესახებ უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივან სერგეი ბრატჩუკზე დაყრდნობით წერს.

სერგეი ბრატჩუკის განმარტებით, არსებული მონაცემებით, მოწინააღმდეგის ხომალდის დაზიანების მიზეზი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ გახდა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრეისერზე ხანძრის ჩაქრობა მოხდა, უახლოესი წელი ის ბრძოლისუნარიანი ვერ იქნება“, – განაცხადა ბრატჩუკმა.

მედიის ცნობით, 13 აპრილს შავ ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“, რომელზეც ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ რუსულ გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებმა.

როგორც მედია წერს, „მოსკოვი“ რუსული გვარდიის სარაკეტო კრეისერია. ის რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდების 30-ე დივიზიის ნაწილია. აშენდა ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში, თავდაპირველად ეწოდა „სლავა“, მოგვიანებით კი „მოსკოვი“ დაარქვეს.

მსგავსი