ოდესიდან ბათუმის მიმართულებით ბორნით საქართველოს კიდევ 44 მოქალაქე გამოემგზავრა

14:48, 02.04.2020

საქართველოს საელჩომ კიევში და გენერალურმა საკონსულოებმა ოდესაში და დონეცკში მოქალაქეები პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ხელშეწყობას, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე.

კიევში საქართველოს საელჩოსა და ოდესასა და დონეცკში გენერალური საკონსულოების ხელშეწყობით, ჩერნომორსკის პორტიდან (ოდესა), ბათუმის მიმართულებით გამოვიდა ბორანი, რომელზეც იმყოფება საქართველოს 44 მოქალაქე. ბოლო 10 დღის განმავლობაში აღნიშნული ბორნით იმგზავრა და სამშობლოში დაბრუნდა 200-მდე მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელ ხაზს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, საქართველოს საელჩომ და გენერალურმა საკონსულოებმა უზრუნველყვეს სამშობლოში გამოსამგზავრებელი ადამიანები ლოჯისტიკური დახმარებით, დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით.

„საქართველოს საელჩომ და გენერალურმა საკონსულოებმა ათობით მოქალაქეს გაუწიეს დახმარება ოდესამდე ტრანსპორტირებაში და ოდესის პორტიდან ბორნით გასამგზავრებელი ბილეთის დაჯავშნასა და შეძენაში. საელჩო და საკონსულოები აქტიურ კავშირზე არიან კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ბორნით ოპერირებს.

საელჩო და საკონსულოები საქართველოს მოქალაქეებთან რჩებიან მუდმივ კავშირზე, კონსულტაციას უწევენ და ინფორმაციას იღებენ მათი საჭიროებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი