ობამეიანგმა „არსენალში“ დებიუტი გოლით აღნიშნა
ობამეიანგმა „არსენალში“ დებიუტი გოლით აღნიშნა

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თავისი დებიუტი ახალ კლუბში გოლით აღნიშნა. „ევერტონთან“ საშინაო მატჩში გაბონელი 37-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანის პასით ერთი ერთზე გავიდა და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

ობამეანგმა 4:0 გახადა ანგარიში. მანამდე დუბლი შეასრულა არონ რემზიმ. კიდევ ერთი გოლი ლორან კოშელნიმ გაიტანა.

მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ კალვერტ-ლევინმა ერთი ბურთი გაქვითა, შემდეგ კი რემზიმ ჰეთთრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სამი შედეგიანი პასი გააკეთა მხითარიანმა.

„არსენალმა“ 5:1 მოიგო, 45 ქულა დაუგროვდა და ისევ მეექვსე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს ობამეანგი „დორტმუნდიდან“ „არსენალში“ 63 მილიონ ევროდ გადავიდა.