ნურიელ რუბინი - მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები
ნურიელ რუბინი - მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნითი პანელის – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში, ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა, ნურიელ რუბინმა რეგიონში მიმდინარე სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები დადებითად შეაფასა და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ქვეყნებს, რეგიონებს, ევროპასა და აზიას შორის ურთიერთკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანასა და რეგიონში ეკონომიკური ზრდისთვის.

„არსებობს მთელი რიგი ინიციატივები უფრო მეტი ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურებისთვის რკინიგზასა და პორტებში, მათ შორის „ერთი სარტყელის“ ინიციატივა, „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა. ეს ქვეყანა ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი“, – განაცხადა რუბინმა.

დისკუსიის მოდერატორმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია, ძალიან ბევრი გააკეთოს სუფთა ენერგეტიკის სექტორში.

„ქვეყანას ძალიან ბევრი შეუძლია,  სუფთა ენერგეტიკის, ჰიდროელექტროსადგურების, ქარის და მზის ელექტროსადგურების მიმართულებით გააკეთოს“ – აღნიშნა რუბინმა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესორმა განათლების სფეროში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ამ მიმართულებით მიერ მიმდინარე რეფორმები.

„ რამდენიმე ათწლეულის გაკვეთილი გახლავთ ადამიანური კაპიტალი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ინფრასტრუქტურული კაპიტალი, ზოგიერთ ქვეყანაში ფაქტიურად არ გააჩნიათ ბუნებრივი რესურსები, მაგალითად კორეას, იაპონიას, ისრაელს, სინგაპურს და ისინი მაღალი შემოსავლების ქვეყნები გახდნენ იმით, რომ ინვესტიციას ახდენენ საკუთარ ხალხში, უნარებში, განათლებაში. ამიტომ მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა“, – განაცხადა ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა.

ასევე, საქართველოზე საუბრისას რუბინმა ერთ-ერთ გამოწვევად სამუშაო ძალის სახით ქალთა ნაკლები ჩართულობა დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ბაზრის გაუმჯობესების კუთხით ბევრი რამ კეთდება და პროდუქტიულობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მეტი ჩართვა სამუშაო ძალაში და პროფესიული განათლების გაღრმავება.

ნურიელ რუბინის თქმით, საქართველომ გააუმჯობესა მართვის კომპონენტი და ბიზნესის დაფუძნება ქვეყანაში მარტივია. დისკუსიის მოდერატორი ამ კუთხით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებსა და ძირითად გამოწვევებსაც შეეხო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ მართვაში გაუმჯობესება, საქართველოში ძალიან მარტივია კომპანიის შექმნა და მთავრობას აქვს გადაწყვეტილება, მიიღოს გაკოტრების კანონი, ასევე საჭიროა სასამართლო რეფორმის გამყარება უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და ანგარიშგებისთვის“, – განაცხადა ნურიელ რუბინმა.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.