ნურიელ რუბინი - „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა და მიმდინარე რეფორმები რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკურ წარმატებამდე მიიყვანს
ნურიელ რუბინი - „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა და მიმდინარე რეფორმები რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკურ წარმატებამდე მიიყვანს

საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ღონისძიების გახსნით პანელზე – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა, ნურიელ რუბინმა განაცხადა.

აღნიშნული დისკუსიის მოდერატორია ნურიელ რუბინი. გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ტენდენციებსა და ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზაციის, ინოვაციების და ინკლუზიური ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ საერთაშორისო ზრდა არ გავხადეთ ინკლუზიური, უფრო მდგრადი, აღნიშნული უკუსვლა გაგრძელდება, საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი გლობალიზაცია, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც ახალ თაობას მისცემს გადარჩენისა და წარმატების ინსტრუმენტს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში,“ – აღნიშნა ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნითი პანელის ფარგლებში, რუბინმა დადებითად შეაფასა აბრეშუმის გზის ინიციატივა და ეკონომიკური რეფორმები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.

„ეკონომიკური რეფორმების მიმართულება, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ ამ რეგიონში და „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა მათ მიიყვანს ეკონომიკურ წარმატებამდე, როგორც ამ რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით“, – განაცხადა ნურიელ რუბინმა.

მისივე თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ქვეყნებმა, რომლებმაც გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოახდინეს, წარმატებას მიაღწიეს, ვინც ეს ვერ შეძლო, ისინი ჩამორჩებიან ჩინეთს, საქართველოსა და სხვა წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგეს.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.