ნუნუ მიცკევიჩი - შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ყველა სტუდენტს ექნება
ნუნუ მიცკევიჩი - შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ყველა სტუდენტს ექნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, პანდემიის დასაწყისიდან სამინისტრომ ყველა ის საჭიროება განსაზღვრა, რომლებიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა.

მისივე თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს ამ საჭიროებების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

„პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან სამინისტრომ განსაზღვრა ყველა ის საჭიროება, რომლებიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. რეალურად, იცით, რომ ეს გახლდათ გამოწვევა როგორც განათლების სისტემის წინაშე, ასევე მთლიანად საზოგადოების.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველივე დღიდან თანამშრომლობს თითოეულ უნივერსიტეტთან. მინისტრის ინიციატივით, გაიმართა რექტორთა საბჭო, სადაც განისაზღვრა ის გადავადების სქემები და გრაფიკები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეზე ითვალისწინებდა საჭიროებებს და გაზაფხულის სემესტრში ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო უნიერსიტეტების მხრიდან.

როგორც მოგეხსენებათ, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება. სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის 13 კატეგორია მოწყვლადი ჯგუფებისა განსაზღვრული, რომელთათვისაც გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც 33 ათასზე მეტ სტუდენტს შეეხო და მათი სწავლის საფასური შემოდგომის სემესტრში განსაზღვრული სოციალური ჯგუფისთვის სრულად იქნება დაფარული და 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანებაც სრულად ექნებათ დაფარული. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს გაიმართა შეხვედრა სტუდენტების წარმომადგენელ ჯგუფთან და ჩვენ მომავალი თანამშრომლობის გეგმა დავსახეთ. კიდევ იქნება განსზღვრული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე. ვისურვებთ, არ იყოს ვირუსის მეორე ტალღა, მაგრამ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარკვეულ შეღავათებს და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. მზად ვართ, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან და ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტის წინაშე და მთლიანდ უმაღლესი განათლების წინაშე“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ამასთან, კითხვაზე, ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, სამსახურები დაკარგეს და არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა, სექტემრიდან გააგრძლებენ  თუ არა სწავლას, ნუნუ მიცკევიჩი ასე პასუხობს:

„დღევანდელ შეხვედრაზე ვერ გამოიკვეთა მიზნობრივად რომელი ჯგუფი იყო წარმოდგენილი. ჩვენ შევხვდით მათ წამომადგენლებს და ჩავნიშნეთ შემდეგი შეხვედრა, სადაც ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელ ჯგუფზეა საუბარი და რა საჭიროებები აქვთ მათ. რასაკვირველა, შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება ყველა სტუდენტს, ჩვენ ვიმუშავებთ გადავადების სქემებზე უნივერსიტეტებთან და ისინი დაშვებულები იქნებიან, მაგრამ აქვე შევთანხმდეთ, რომ მთავარი არის აკადემიური მოსწრება და ჩვენ უმაღლესი განათლების ხარისხზე ვზრუნავთ. ყველა სტუდენტი იმ პასუხისმგებლობასთან ერთად, რომ მან მოიპოვოს სწავლის საფასური, უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, შეასრულოს ყველა კრედიტი, სწავლოს ყველა იმ მოცემულობაში, რომელიც მას აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. სწავლას გააგრძლებს ყველა ის სტუდენტი, რომელსაც დღეს რეგულაციებით ამის უფლება ეძლევა. არანაირი წინასწარი სტატუსით შეჩერება, რასაკვირველია, არ მოხდება“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.