ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები დაათვალიერა, მათ მიღწევებს გაეცნო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან იმ საჭიროებებზე იმსჯელა, რაც მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელია.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამეცნიერო წრეებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, ახლო მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს და მეცნიერების მენეჯმენტის სრულყოფის საკითხებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეცნიერების განვითარების პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების გამოვლენა წარმოადგენს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაშიც ღვაწლმოსილ მეცნიერებს უზარმაზარი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საერთაშორისო პროექტებში მათი ჩართულობა გაიზარდოს – სტრატეგიულად მნიშვნელოვან კვლევებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ნუნუ მიცკევიჩმა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერთა დაფინანსების წილი.

ამასთან, ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა Horizon Europe და მასში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესების მექანიზმებიც გააცნო.

მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერით გარემონტდა და აღიჭურვა.

უწყების ცნობით, ეს ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც მუშაობს მემბრანული ტექნოლოგიური პროცესების სხვადასხვა მიმართულებაზე: მაღალსელექტიური პოლიმერული მემბრანების შექმნაზე, შესწავლაზე, სრულყოფაზე, მემბრანული დანადგარების დამზადებასა და მათ დანერგვაზე სხვადასხვა დაწესებულებაში (სამედიცინო, ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხნებში, გადამამუშავებელი მრეწველობის, აგროსამრეწველო სფეროს ცალკეულ დარგებსა და ფირმებში), თუ ინდივიდუალური მოხმარებისათვის. ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, აგრარული მიმართულებით შემუშავებულია 100-ზე მეტი ტექნოლოგია ციტრუსოვანთა ნაყოფის სასაქონლო და სამრეწველო გადამუშავების მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ახლადდასრულებული კორპუსი დაათვალიერა, რომელიც 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სამსართულიანი კორპუსი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სრულადაა გათვალისწინებული კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ინსტიტუტში, რომელიც 1959 წელს დაარსდა, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება. მათ ბაზაზე კი განათლებას იღებენ ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს პროექტებში ცნობილ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ.

შეხვედრის დასასრულს ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან მეცნიერების რეფორმის ფარგლებში, მათი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია.

დატოვე კომენტარი