ნუნუ კვანტალიანი - იმედი მაქვს, საზოგადოებას ვახსოვარ როგორც ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუნუ კვანტალიანი იმედს გამოთქვამს, რომ ის საზოგადოებას ახსოვს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე.
შესაბამისი კითხვით კანდიდატს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მიმართა.
„ალბათ, საზოგადოებას ვახსოვარ როგორც ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. საზოგადოებას თუ სხვანაირად ვახსოვარ, ძალიან გულსატკენი იქნება ჩემთვის“, – განაცხადა ნუნუ კვანტალიანმა.
წარსულზე საუბრისას კანდიდატმა სასამართლო დარბაზში, წაგებული მხარის მიერ გადაცემული საჩუქარი გაიხსენა და განმარტა, რომ შესაძლოა მისი მხრიდან, ამ საჩუქრის აღება მოსამართლეთა ეთიკის კოდექსის მიხედვით, არ იყო მიზანშეწონილი.
„ახლა გამახსენდა ერთი საჩუქარი, რომელიც მომართვა პროცესზე მხარემ. ეს იყო მისი გამოცემული წიგნი. ეს იყო წაგებული პროცესი მისთვის. ჩემთვის ეს ბევრ რამეს ნიშნავდა და არ ვნანობ, რომ განსაკუთრებული ვარ. მარტივი არ იყო გაბედო და აიღო, იმიტომ, რომ მე ეთიკის კოდექსით ამის უფლება არ მაქვს. მე ეს წიგნი გადავეცი უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკას, ეკონომიკას ეხებოდა. შეიძლება ეთიკის კოდექსი დავარღვიე, ვაღიარებ, თუ ეს სერიოზული გადაცდომაა ხანდაზმული იქნება მე მგონი“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნუნუ კვანტალიანმა.