ნუკრი შოშიაშვილი - პრობლემა გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ცნებასთან დაკავშირებით, ვის ვუწოდებთ და ვის არა სამოქალაქო საზოგადოებას, ხომ არ სჯობდა, კანონის მიღებამდე ეს განგვესაზღვრა?
ნუკრი შოშიაშვილი - პრობლემა გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ცნებასთან დაკავშირებით, ვის ვუწოდებთ და ვის არა სამოქალაქო საზოგადოებას, ხომ არ სჯობდა, კანონის მიღებამდე ეს განგვესაზღვრა?

ძირითადად, პრობლემა გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ცნებასთან დაკავშირებით, ვის ვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას და ვის უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, ხელისუფლება, როდესაც ესაუბრება სამოქალაქო საზოგადოებას, – ამის შესახებ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„პრობლემა არ გაჩნდებოდა, რომ იყოს განსაზღვრება, როგორი ტიპის ორგანიზაცია არ არის სამოქალაქო საზოგადოება. შესაბამისად, როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვიღებთ, ამ კანონის შემოღებით, გარკვეულწილად, ვტოვებთ სამოქალაქო საზოგადოების ძველ გაგებას“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ეწოდება იმას, რაც სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოება არ არის.

„არსებობს მონოპოლიები, დიდი „ენჯეოები“, რომლებიც ქმნიან ე.წ. ტექნიკურ მთავრობას, პირდაპირ არიან ჩართული რევოლუციურ საქმიანობაში და ა.შ. რაც არ არის სამოქალაქო საზოგადოება. 2014 თუ 2015 წელს იყო სოციალური კვლევა, მოსახლეობის რამდენი პროცენტი იყო ჩართული ენჯეოსაქმიანობაში და ეს იყო 5%-ზე ნაკლები. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვუწოდებთ იმას, რაც სინამდვილეში არ არის სამოქალაქო საზოგადოება. შესაბამისად, ისმის კითხვა, ხომ არ სჯობდა, ამ კანონის მიღებამდე განგვესაზღვრა, რა არის და რა არა სამოქალაქო საზოგადოება, იმაზე მსჯელობის ნაცვლად, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას? როგორც კი ამას განვსაზღვრავთ, რა არის სამოქალაქო საზოგადოება და რა არ არის, ნათელი გახდება, რის წინააღმდეგ ვიბრძვით. ორგანიზაცია, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ქმნის, ორგანიზაცია, რომელიც რევოლუციურ საქმიანობაშია და ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების დაყოფას, საზოგადოებაში მუდმივი კონფლიქტების შექმნას ახდენს, უბრალოდ ვერ იქნება სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა შოშიაშვილმა.

ისტორიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც ქმნის აგორას.

„ის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ ქმნის აგორას და მუდმივად ქმნის რელიგიური სექტის მსგავს ორგანიზაციებს, სადაც რაღაცაზე ლაპარაკი ავტომატურად ტაბუდადებულია, ვერ იქნება სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ, სჯობს, ჯერ განვსაზღვროთ, მათ შორის, კანონმდებლობით, თუ რა არის სამოქალაქო საზოგადოება და რა არ არის სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.