ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, სამინისტროს კულტურის მიმართულება უახლოეს მომავალში გამოეყოფა
ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, სამინისტროს კულტურის მიმართულება უახლოეს მომავალში გამოეყოფა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრის, ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფა უახლოეს მომავალში მოხდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, კულტურის სამინისტროს გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა მაშინ უმცირესობაში აღმოჩნდა.

„ვფიქრობდი, რომ ორი სფეროს ხელოვნური შერწყმა ძალიან საზიანო იყო და კარგს არაფერს მოიტანდა. მაშინ ეს აზრი არ გაითვალისწინეს, დღეს კი ყველა ამბობს, საუბარი დაიწყო, რომ ორი მნიშვნელოვანი სფეროს განცალკევება ისევ მოხდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს უახლოეს ხანში უნდა განხორციელდეს. თუმცა, შეწებება უფრო ადვილი იყო, განცალკევება საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურას მოითხოვს, რადგან, წარმოიდგინეთ, სათაურის გამო რამდენი კანონი უნდა შეიცვალოს“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ კულტურის სამინისტროში სპორტის სფეროც გაერთიანდება.

„სპორტი განათლებაში ვერ დარჩება. განათლება პრიორიტეტულია, მაგრამ კულტურა და სპორტიც უნდა იყოს. ცხოვრებამ აჩვენა, რომ კულტურა გერის როლშიც არ აღმოჩნდა. ეს გაყოფა ადვილი არ არის. სპორტი კულტურაში იქნება, თუ ცალკე დეპარტამენტის სახით, ამაზე მსჯელობა იქნება. დარწმუნებული ვარ, განათლებაში არ დარჩება. რაც შეეხება ბადრი მაისურაძეს, ის ჩემი კურსელი იყო, ძველი მეგობარია, შემდეგ კონსერვატორიაში წავიდა და საოპერო განხრით დიდ წარმატებებს მიაღწია. როცა ოპერაში სამხატვრო ხელმძღვანელად გადმოვიდა, აწეწილ-დაწეწილი მდგომარეობა იყო და დაალაგა. თუ ბადრიზე იქნება არჩევანი, ამას მივესალმები, თუმცა ოპერის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება მოუწევს, რადგან ეს შეუთავსებელი იქნება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.