ნუკრი ქანთარია - უხერხულია, რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს არ არის განსაცდელი
ნუკრი ქანთარია - უხერხულია, რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს არ არის განსაცდელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, უხერხულობას ქმნის ის, რაც პარლამენტს გარეთ ხდება, და ეს უხერხულობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროეექტის ჩავარდნიდან დაიწყო.

თუმცა, ქანთარიას თქმით, საზოგადოებისთვის დღეს არ არის განსაცდელი, რადგან მათ „ამ დამოუკიდებლობის პირობებში ბევრი რამ გამოიარეს და დიდი გამოცდილებაც შეიძინეს“.

„უხერხულია იქიდან დაწყებული, როდესაც საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩავარდა. უხერხულია ის, რაც გარეთ ხდება, მაგრამ პირდაპირ მინდა, ვთქვა, ეს არ არის განსაცდელი. ამ დამოუკიდებლობის დროს ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სწორედ ბიულეტენით გამოიტანენ ვერდიქტს. სამწუხაროა ის, რომ უნდათ, დღეს ქუჩაში პარადი წაუყვანონ ბოკერია-უგულავას დაჯგუფებებმა და ისინი იტმასნებენ, ასევე, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც პერსპექტივა ნამდვილად არ აქვთ ასეთ დროს და ვერ ხვდებიან, რომ უპერსპექტივობაში არიან. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ განაყოფებს, ისინი სრული სვლით მიდიან უპერსპექტივობაში“ ,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ამასთან, ქანთარია მიიჩნევს, რომ პოლიცია მაღალი სტანდარტით მოქმედებს.

„ყველა კარგად ვხედავთ, რომ პოლიცია ძალიან მაღალი სტანდარტით მოქმედებს, ტროტუარს საერთოდ არ ეხება, იმ ადგილს, სადაც მათ მიკროფინი აქვთ. ერთი მისხალითაც კი არ შეუვიწროვებიათ“ ,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიას აზრით, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგანან, უმჯობესია, გავიდნენ საზოგადოებაში და არჩევნებისთვის მოემზადონ.

„გამოსავალი თვითონ მათ უნდა მონახონ. ეს ყველაფერი დეგრადირებისკენ გადადის, აშკარაა. პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიიკრიფნენ, მემგონი, კარგად უნდა დაინახონ, ეს ყველაფერი საით მიდის. გავიდნენ საზოგადოებაში და იმუშაონ საარჩევნო რეჟიმში, რომელიც ცოტა ხანში დაიწყება. თავიანთ მომხრეებთან ერთად თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივება მოახერხონ. ასეთ რეჟიმში პერსპექტივა არ აქვთ“ ,- განაცადა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის მოდელი, რაც გერმანიაშია, საქართველოში მოქმედ კონსტიტუციას ნამდვილად ეწინააღმდეგება.

„მათ რა გადააკეთეს, რა გადმოაკეთეს, ჩვენ არ ვიცით“ ,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.