ნუკრი ქანთარია - ტერმინი კულტურა ხმარებიდანაც კი ამოვარდება
ნუკრი ქანთარია - ტერმინი კულტურა ხმარებიდანაც კი ამოვარდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა, რის გამოც სამთავრობო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც პირველ არხს ქანთარიამ განუცხადა, სტრუქტურულ ცვლილებებს ეთანხმება, მაგრამ არა კულტურისა და განათლების უწყებების გაერთიანების თვალსაზრისით.

„ეს ერთადერთი სამინისტროა, სადაც ეროვნული იდენტობის გამომხატველი დარგი ხელოვნებაა. ქართული ბიოლოგია და ქართული მათემატიკა არ არსებობს, ქართული კინო, თეატრი და ქორეოგრაფია კი, არსებობს. ხელოვნების დარგები დიდ ოკეანეში ჩაიკარგება. ეს დარგები ცალკე დეპარტამენტის სახით პირდაპირ პრემიერ-მინისტრს უნდა დაქვემდებარებოდა. განათლების სამინისტროს კი, შემოქმედებითი სასწავლო დაწესებულებები უნდა წაეღო, თუნდაც ბიბლიოთეკები და მუზეუმები, მაგრამ არა ხელოვნების სეგმენტი, რაც დაკავშირებულია არა ცოდნასთან, არამედ შემოქმედებით პროცესთან. მისი განვითარება ძალიან გაჭირდება. მეჩვენება, რომ სახიფათო შერწყმაა. პრემიერს მიაჩნია, რომ მიზანი კეთილშობილურია და ეს მესმის“, – ამბობს ქანთარია.

ქანთარიას განცხადებით, მან პრემიერს კონკრეტული წინადადება შესთავაზა ხელოვნების დარგის გამოყოფასთან დაკავშირებით.

ასევე, დეპუტატი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა ბევრი მოადგილე ჰყავდეს მინისტრს, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მასთან მოიყრის თავს.

„ეს იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამ გრძელ სახელსაც კი არავინ იტყვის და მხოლოდ განათლებას იტყვიან. ტერმინი – კულტურა ხმარებიდანაც კი ამოვარდება. ცალკე ხელოვნების სეგმენტი უნდა გამოყოფილიყო და  პრემიერს ეს შევთავაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდება. კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა საწინააღმდეგო კამპანიას არ დავიწყებ, რადგან საკითხი აწონილ-დაწონილი აქვთ. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს კონკრეტული წინადადება ვუთხარი, ხელოვნების დარგი ცალკე გამოეყო და დიდ ოკეანეში ნუ ჩაკარგავდა. პასუხი იყო – ვიფიქრებო, მაგრამ არ ჩანს, რომ ეს გაზიარებულ იქნა“, – განაცხადა ქანთარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბატხაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება. ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების უწყებას უერთდება.