ნუკრი ქანთარია - სჯობდა, გაცხადებული ყოფილიყო, რა საკითხზე საუბრობდა თეა წულუკიანი
ნუკრი ქანთარია - სჯობდა, გაცხადებული ყოფილიყო, რა საკითხზე საუბრობდა თეა წულუკიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, გაცხადებულიყო საკითხი, რომელზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობდა და, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.

ჟურნალისტებთან საუბარში ქანთარია იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

„თეა წულუკიანი საკმაოდ ჭკვიანი ქალბატონია. დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, რომ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. თუ საზოგადოებისთვის რამე საინტერესოა და ისეთი არ არის, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას საფრთხეს შეუქმნიდა, უმჯობესია, გაცხადებული ყოფილიყო და არა,  დაფარული. სჯობდა, ეთქვათ, მაგრამ ეს მათი პირადი საქმეა. ვერსიები არსებობს, ცალ-ცალკე უნდა თქვან ან ერთად. კოსაზე კი, იხუმრა“,  – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რამდენიმე დღის წინ თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. როგორც მან აღნიშნა, გაჩნდა საკითხი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის გარგლებში გადასაჭრელი თემა იყო და მასზე დისკუსიები მიმდინარეობდა. წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ მისი პოზიცია არ იქნებოდა გაზიარებული, მზად იყო, „გვერდზე გაწეულიყო“. ამასთან, მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა თემას ეხებოდა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არც შეწყალების და არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების საკითხებს არ უკავშირდებოდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანი მინისტრის თანამდებობაზე რჩება, მისი განცხადებით, საკითხზე პოზიციები შეჯერდა და თემა ამოიწურა.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ გუნდი თეა წულუკიანის გარეშე ვერ წარმოუდგენია. „თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი წარმატებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.