ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს - ილია ჭავჭავაძე რომ აქ იყოს, გეტყოდათ, რატიანი, გადი გარეთო
ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს - ილია ჭავჭავაძე რომ აქ იყოს, გეტყოდათ, რატიანი, გადი გარეთო

ილია ჭავჭავაძე რომ აქ იყოს, გეტყოდათ, რატიანი, გადი გარეთო, – ასე მიმართა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ სერგო რატიანს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”.

როგორც ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, სიტყვა ლიბერალური ნიშნავს თავისუფლებას, რაც კანონში ისედაც წერია.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ ლიბერალურს პირდაპირ ვთარგმნით ლათინურიდან, ის თავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება ისედაც წერია, წერია თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, თუმცა სამწუხაროდ, უკვე დღეს ლიბერალიზმი ეს არის კონკრეტული პოლიტიკური მიმართულება. მან მიიღო უამრავი განშტოება – ნეო ლიბერალიზმი; კონსერვატორული, სოციალური, კლასიკური ლიბერალიზმი. ეს დღეს აღარ არის აზროვნების თავისუფლება, ეს არის ინსტინქტების თავისუფლება, „რაც მე მინდა“, „რაც მე მსურს“ უკონტროლობის ხასიათი მიიღო. ეს უკვე არის პოლიტიკური ფილოსოფია“, – განაცხადა ქანთარიამ.

კანონპროექტის ინიციატორის დეპუტატმა სერგო რატიანმა მიმართა და აღნიშნა: „თქვენ ახლა ჩვეულებრივი მეცხრამეტე საუკუნის რეტროგრადული, რუსული ნარატივი შემოგაქვთ აი აქ.  პირდაპირ ილია ჭავჭავაძე ამოიღეთ სწავლებიდან აი ეგ არის აი ზუსტად“.

„გმადლობთ ბატონო სერგო, დაიხვეწეთ დემაგოგიაში საკმაოდ. ილია რომ აქ იყოს, გეტყოდათ, რატიანი, გადი გარეთო“, – მიმართა სერგო რატიანს ნუკრი ქანთარიამ.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.