საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე, ყველა პრობლემაზე ისაუბრებენ.
მისივე თქმით, ყველა საკითხი უნდა მოგვარდეს, რომელიც პროცესების შედეგზე ორიენტირებულობას უშლის ხელს.
“ამ განწყობით მივდივართ. ყველა საკითხი უნდა მოგვარდეს, რაც ხელს უშლის, რომ პროცესები შედეგზე იყოს ორიენტირებული. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ამომრჩეველს უნდა. საუბარი აქეთკენ უნდა წავიდეს. თუ ვინმე გამწვავებას შეეცდება, მას მოეთხოვება კიდეც. ახლებს და ძველებს არ ვყოფ, ეს არ არის არც ახლებსა და ძველებს შორის პრობლემა და არც ასაკობრივი. პრობლემები არის, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ. ის წერტილი და მიზნები უნდა მოვნახოთ, რომელიც გვაერთიანებს და არა – გვყოფს. პირადი სარგებელისთვის არ ვიბრძვი, მინდა, მდგომარეობა გაჯანსაღდეს”, – განაცხადა დეპუტატმა.
კითხვას – უმრავლესობის სხდომა იქნება თუ არა ერთვარად რუის-ურბნისის კრება, ქანთარია რიტორიკული კითხვითვე პასუხობს. “ხვალ გამოჩნდება, ვინ არის ერთგული და ვის უფრო უყვარს მამული. ვინ იქნება დავით აღმაშენებელი? – სამწუხაროდ, არ გვყავს”, – აღნიშნა ქანთარიამ.