ნუკრი ქანთარია - განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება იგივეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ, გული უნდა იყოს გულის ადგილზე, ტვინი - თავში
ნუკრი ქანთარია - განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება იგივეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ, გული უნდა იყოს გულის ადგილზე, ტვინი - თავში

სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ვეთანხმები, თუმცა არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრების კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, ვინაიდან საწყის ეტაპზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ.

კითხვაზე, უერთდება თუ არა კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს, ქანთარია აცხადებს: „რაც მესმის ამ ეტაპზე, თითქოს, არის ამ თემაზე საუბარი“.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანებას, ქანთარიას თქმით, ეს უფრო ლოგიკურია.

„ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე განათლებისა და კულტურის გაერთიანება, ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ. გული უნდა იყოს გულის ადგილას, ტვინი უნდა იყოს თავში, ჩემი აზრი ასეთია და შევეცდები დავასაბუთო. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაერთიანებას, ეს უკვე პრაქტიკული საკითხია და აქ ვფიქრობ, ეროვნულ იდენტობაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხს, ქანთარიას თქმით, ამ თემაზე საუბარს არ დასწრებია და დღეს, ალბათ, დაზუსტდება, რას ეძახიან სახელმწიფო მდივანს.

„ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში, სადაც რამდენიმე წუთში პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის შეხვედრა უნდა გაიმართოს.

“ქართული ოცნების” წევრების თქმით, კონსულტაციების პროცესში მთავარი განსახილველი თემა არის მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები. უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით ეთანხმება, თუმცა ამბობენ, რომ საბოლოოდ როგორი იქნება გადაწყვეტილება და რომელი სამინისტროები გაერთიანდება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონსულტაციების პროცესი დასრულდება. ჯერ არ საუბრობენ, როგორ დაკომპლექტდება მინისტრთა ახალი კაბინეტი.