ნუკრი ქანთარია - პარლამენტის თავმჯდომარე სკოლის დირექტორის როლში არ უნდა იყოს
პარლამენტის პირველი პირი გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა – პირიქით, გარკვეული ბზარის შემტანი, – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ქანთარიას თქმით, ადამიანებმა ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედონ, რაიმე შეცდომას ხომ არ უშვებენ.
„მით უმეტეს, ახალგაზრდამ თავის თავში უფრო მეტად უნდა ჩაიხედოს, რის შემდეგაც შეუძლია, გარკვეულ შეცდომებზე სხვას მიუთითოს. პარლამენტის პირველი პირი გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა – პირიქით, გარკვეული ბზარის შემტანი. სკოლის დირექტორის როლში არ უნდა იყოს. თურმე, რამდენიმე კლასელი რაღაცას კარგად ვერ ამბობს. გარკვეული დროის შემდეგ, ალბათ ჩამოყალიბდება და ყველაფერს მიხვდება. ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამის გარდა არაფრის თქმა არ მინდა. ყველამ ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ, მეც, თქვენც“, – აცხადებს ქანთარია.
დეპუტატი ირწმუნება, რომ ირაკლი კობახიძესთან პიროვნული კონფლიქტი არ აქვს.
„რა უნდა იყოს პიროვნული, მასთან პიროვნული არაფერი მაქვს. ჩემს შვილსაც იმავეს ვთხოვდი – თავის თავში და სიღრმეში ჩაიხედოს, შემდეგ კი სხვის შეცდომებზე გადავიდეს და იმას შეეცადოს, რომ გამაერთიანებელი იყოს. ეს პასუხისმგებლობა მას უნდა ჰქონდეს“, – დასძინა ქანთარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეკრულია, თუმცა არის რამდენიმე დეპუტატი, რომელთაც საჯარო განცხადებებისას შეცდომა დაუშვეს, მათ შორისაა ნუკრი ქანთარია.