ნუკრი ქანთარია - ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა - დიდგულობს
ნუკრი ქანთარია - ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა - დიდგულობს

მწარედ უნდა მოხვდეთ ცხვირში საკუთარი წარსული ყველას, ვინც დღეს ბედავს და პარალელს ავლებს ამ ხელისუფლებასა და იმ რეჟიმს შორის, დღევანდელ თავისუფლებასა და იმდროინდელ დიქტატს შორის, მიშასა და ბიძინას შორის! დრო ყველაფერს მალე დაალაგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრია ნუკრი ქანთარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ნუკრი ქანთარია აღნიშნავს ისტორია მეორდება, ჯერ როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.

„უამრავი ფარსის მომსწრე ვართ ამ დღეებში, განსაკუთრებით ფსევდო-მედიის სახით. მონობა თავისუფლების სახელით – როგორც ჭეშმარიტი სექტის წევრები, ისე წაშალეს დღეს მედიურ მანტიებში გახვეულმა პროკურორებმა ჟურნალისტები, შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ.
როგორც ჩანს, მათ ტყუილების და მოდელირებული სიუჟეტების გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ და თან ვალდებულებებიც თავის საქმეს აკეთებს – მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ვერ გადააჩვევო, მათზეა ზედგამოჭრილი.

ერთ ჩვენს ნაცნობ ბანკირს კი 2012 წელთან უჩნდება ასოციაციები… სააკაშვილის მორჩილი, მდუმარე იარაღი დღეს თავისუფალი მოქალაქეა და სარგებლობს სწორედ იმ მიღწევით, რაც 2012-მა წელმა მოუტანა. ერთ დღეში მიღებული სპეციალური კანონი “ქართუს” გაკოტრებისთვის და კრავ ბანკირთა დუმილი… და კიდევ არაერთი ფაქტი. ამიტომ ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის.

არაფერი იცვლებაო, წერს… როგორ არ იცვლება: მაშინ დუმდა, ახლა – დიდგულობს;
დუმდა! როცა ხალხს აწამებდნენ, ხვრეტდნენ და მერე ყელზე ქვაგამობმულებს პალიასტომსა და შავ ზღვაში ყრიდნენ;
დუმდა! როცა ბუტას და სანდროს კლავდნენ; დუმდა 7 ნოემბერს და 26 მაისს;
დუმდა! როცა „ქართუს“ აკოტრებდნენ და ბიძინას მოქალაქეობას ართმევდნენ; თუმცა, ალბათ იმიტომ დუმდა, რომ არ ეცალა – ბანკი „კონსტანტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევით იყო დაკავებული და უკვე აღარ ვიცი…

ხალხის გატყავებაში თანამეინახეობისთვის დააჯილდოვა მიშამ (უ)ღირსობის ორდენით თუ დუმილისთვის, რომელიც ოქროა? ახლა დიდგულობა ადვილია. გაბედვას დიდი ფიქრი არ სჭირდება. ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია ჩვენი, ვინც ვიბრძოდით იმ დროს, როცა შენ დუმდი! იმიტომ ვიბრძოდით, რომ არ შეგშინებოდა და გაგებედა.

ჩვენ გავიმარჯვეთ – შენ ბედავ, შენც კი… არასოდეს უნდა დააყვედროს „ოცნებამ“ არც ერთ ქართველს პირველი ოქტომბრის მონაპოვარი, არასოდეს. მაგრამ მწარედ უნდა მოხვდეთ ცხვირში საკუთარი წარსული ყველას, ვინც დღეს ბედავს და პარალელს ავლებს ამ ხელისუფლებასა და იმ რეჟიმს შორის, დღევანდელ თავისუფლებასა და იმდროინდელ დიქტატს შორის, მიშასა და ბიძინას შორის! დრო ყველაფერს მალე დაალაგებს. თუმცა ვისაც თვალი და ყური უჭრის, დამნახავი უკვე უნდა ხედავდეს და ვფიქრობ, ხედავს კიდეც ვინ ვინ არის და ვის რა უნდა ქვეყნისთვის“, – წერს ქანთარია.

დატოვე კომენტარი