ნუკრი ქანთარია - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კლინიკური სურათი სახეზეა, ამას ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნა არ სჭირდება
ნუკრი ქანთარია - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კლინიკური სურათი სახეზეა, ამას ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნა არ სჭირდება

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხოლოდ იდეა ვიცი და ამ იდეას ვეთანხმები, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“. ფრაქცია „პატრიოტებმა“ მოამზადეს რეზოლუცია – „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“​.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს.

„პირადად ჩემი აზრით, ისინი მართლა დამნაშავეები არიან და რა თქმა უნდა, მათ შესაბამისი სახელი უნდა დაერქვათ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს, თუ არადა, მორალურად და პოლიტიკურად, მათ ეს იარლიყი უნდა ჰქონდეთ, რაც ხალხმა უკვე უწოდა კიდეც და, რაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ისედაც იცის. უბრალოდ, ეს უნდა გაფორმდეს. ამიტომ რეზოლუციას გადავხედავ, რადგან ზუსტად არ გადამიკითხავს. მხოლოდ იდეა ვიცი და ამ იდეას ვეთანხმები. შესაძლოა, იქ რაღაც დაემატოს, ან გამოაკლდეს“, – განაცხადა ქანთარიამ. 

ამ განცხადებით ნუკრი ქანთარიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მოსალოდნელია თუ არა, „ქართულ ოცნებაში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე მსჯელობა დაიწყოს.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში შეკრება და მსჯელობა არ ყოფილა და ამიტომ, თანაგუნდელების აზრი არ იცის, მაგრამ მთავარია, მმართველმა გუნდმა დანაპირები შეასრულოს და გაამართლოს იმ ადამიანების მოლოდინები, ვინც გულაცრუების მიუხედავად, არჩევნების მეორე ტურში სახლიდან გამოვიდა და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა.

„მათი გაწბილება არ უნდა მოხდეს. არ მინდა, მე, ან ჩვენი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი ამ გაწბილების თანაავტორი ვიყოთ. ესაა უმთავრესი, თორემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კლინიკური სურათი სახეზეა და ვფიქრობ, ამას დიდი ძიება და ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნა არ სჭირდება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.