ნუკრი ქანთარია - მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და ჩაჯდება, თუ არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება
ნუკრი ქანთარია - მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და ჩაჯდება, თუ არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება

მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და ჩაჯდება, თუ არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

„მინდა, ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, დამნაშავეზე ერთი ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე, სწორედ ამასთან დაკავშირებით.  კაცი იქიდან ლაპარაკობს, რაღაც სტაფილოს წვენიო, ვიღაცას არ გადასცდეს, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო, რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს ეს მართლა ბაჭია. ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, რადგან რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა. ამბობს, ჩამოვალ, ჩამოვალო. ჩამოვიდეს და ვაძლევ გარანტიას, არ მოვაკლებ არც სტაფილოს, არც კომბოსტოს მატროსოვზე. ორი რამეა – ჩამოვა – ჩაჯდება; თუ არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება. აუცილებლად ჩაჯდება და ყველა გზა მიდის მატროსოვისკენ. პასპორტი აიღო კაცმა, უკვე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეა, გაიგზავნა მოთხოვნა ექსტრადიციასთან დაკავშირებით. უკრაინის ახალ პრეზიდენტს მივმართავ, გაითვალისწინოს ჩვენი მართლაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, სიყვარული, ხალხებს შორის ურთიერთობა. უკრაინის ტელევიზია იყო დღეს და სწორედ ეს ვუთხარი, ალბათ გადასცემენ. ასე რომ, დანაშაული მხოლოდ აქ არ არის, საზღვრებს გარეთაც ხდება. იქაც არიან გაქცეულები და ამაზე თვალს ნუ დავხუჭავთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. პრეზიდენტის დადგენილება მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.