ნუკრი ქანთარია გიორგი კვირიკაშვილს - ბევრი მტერი გამოგიჩნდათ, რაც მანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე
ნუკრი ქანთარია გიორგი კვირიკაშვილს - ბევრი მტერი გამოგიჩნდათ, რაც მანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე

ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა, ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის  შემდეგ განაცხადა.

„როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ეს შხამი თვითონვე მოინელებთ. მინდა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ადამიანურად დიდი მადლობა გითხრათ წარმოდგენილი ანგარიშისთვის. თუ არ ვცდები, მეხუთედ მიხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ნდობის შემდეგ გარკვეული ეტაპები იწყებოდა ხოლმე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ. ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ თქვენ ხართ მართლაც ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე მიმართა კითხვით, თვლის თუ არა საჭიროდ, რომ მომავალში პარტიული რესურსი მეტად იქნას გამოყენებული აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

„ბრძანდებით მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ფიქრობთ თუ არა, რომ პარტიული რესურსის გამოყენება უფრო მეტად უნდა მოხდეს? რამდენადაც ვიცი, კაბინეტს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ბატონი სოზარია პარტიის წევრი. ფიქრობთ თუ არა მომავალში, რომ პარტიული რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია?“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.