ნუკრი ქანთარია - გამოსვლა არ იმსახურებდა მოსმენას, ინტერესს და ბუნებრივია, გულგრილობა გამოხატა დარბაზმა
ნუკრი ქანთარია - გამოსვლა არ იმსახურებდა მოსმენას, ინტერესს და ბუნებრივია, გულგრილობა გამოხატა დარბაზმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოსვლა პარლამენტში ინტერესს არ იმსახურებდა.

ამის შესახებ ქანთარიამ პარლამენტში, ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„მათი გამოსვლა არ იმსახურებდა მოსმენას, ინტერესს და ბუნებრივია, გულგრილობა გამოხატა დარბაზმა. არავითარ აგრესიას ადგილი არ ჰქონია. მოუსმენს თუ არ მოუსმენს, ეს ნებისმიერმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს“,- განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრები მაგიდაზე მუშტების რტყმევითა და შეძახილებით შეხვდნენ.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ნიკა მელია სხდომათა დარბაზში ჩავიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ისხდნენ.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართ მანდატურებს, რომ მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ, თუმცა მელიამ დარბაზი არ დატოვა.