ნუკრი ქანთარია - დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას
ნუკრი ქანთარია - დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას

დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა გადაიდება და ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას,  – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე ისაუბრა და საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მივიდნენ.

„დღეს მინდა, ძალიან დიდი მოკრძალებით და ყოველგვარი მითქმა-მოთქმის გარეშე მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 2012 წლის გამარჯვებაში, თანამებრძოლებს, რომელიც 2012 წლამდე იდგნენ სიცივეში, ყინვაში, ხვდებოდათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მოვიდნენ და განზე გადგნენ. მესმის მათი გარკვეული მიზეზები, ალბათ სხვადასხვა იყო – ზოგს ეგონა, პირველ ტურში იქნებოდა სრული გამარჯვება, მაგრამ უმთავრესი მიზეზი იყო უსამართლობის შეგრძნება, გულის გატეხვა და წყენის დაგროვება. ამაში ჩემს თანამებრძოლებთან აბსოლუტურად თანაზიარი ვარ, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – დღეს, როდესაც მეორე ტურში ჩვენს ქვეყანას ხიფათი უახლოვდება, როდესაც სააკაშვილის ნაცვალი, რომელსაც გულში აქვს ისევ დამარხული რუსული პასპორტი, შესაძლებელია და ასეც არის, ფეხდაფეხ მიჰყვება ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს, დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა, ყველაფერი გადაიდება და ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით მერაბიშვილი და სხვა „მატრიოშკებში“ სხედან, სხვადასხვა დამნაშავები, სხვადასხვა კალიბრის, ზოგი გაქცეული, ზოგი ამჟამად პატიმარი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის შეფასებით, საზოგადოება მათ „პარპაშს“ არ შეეგუება და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჩამოსვლის ეშინია.

„არ მგონია, რომ ჩვენ მათ პარპაშს შევეგუებით, არა იმიტომ, რომ ვინმეს ეშინია ვინმეს ჩამოსვლის, ვინმეს გამოსვლის, არა. იმიტომ, რომ წარმატებები, რაც იყო, ერთი ხელის მოსმით წაიშლება, დაგროვილი პრობლემები კი, გაათმაგდება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მხარდამჭერთა სრული მობილიზების შედეგად „ქვეყანა სირცხვილს არ ჭამს“.

„დარწმუნებული ვარ და მთელს ჩემს ძველ გვარდიას, რომელმაც თავი გაწირეს იმ დროს, დარწმუნებული ვარ, სრული მობილიზების შედეგად, ჩვენს ქვეყანას სირცხვილს არ ვაჭმევთ, ძველ დროს გავიხსენებთ და მტერს არ გავაცინებთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ სხდომაზე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველა კითხვას დაუბრუნდება და ყველა პრობლემას თვალს გაუსწორებს.

„ამის შემდეგ კი, ყველა კითხვას დავუბრუნდებით, თვალს გავუსწორებთ ყველა პრობლემას. დავიცავთ 2012 წლის მონაპოვარს და ამავე დროს, შემდეგშიც ვეცდებით, რომ მძლავრი სამოქალაქო მოძრაობის, სწორედ მოძრაობის თანადგომით და თანამონაწილეობით, ყველამ მიიღოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა და მომავალ არჩევნებზე ჩვენმა ხალხმა არა შიშით, არამედ იმედით მისცეს ხმა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.