ნუკრი ქანთარია – ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მივმართავ, თქვე კაი ხალხო, ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში რატომ აყენებთ და მეხსიერებას რატომ უზიანებთ
ნუკრი ქანთარია – ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მივმართავ, თქვე კაი ხალხო, ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში რატომ აყენებთ და მეხსიერებას რატომ უზიანებთ

მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ემოციური მდგომარეობაა და ქვეყანა დანაღმულ ველზეა, აწონილ–დაწონილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნუკრი ქანთარია არჩილ ტატუნაშვილის საქმეს გამოეხმაურა და დეფაქტო მთავრობას მიმართა.

„ყველა ნორმალური, ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი შეშფოთებულია და ცხინვალის იზოლატორში ახალგაზრდა კაცის დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს. ამ ფაქტმა ჩვენი სასტიკი, უმწეო რეალობა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, როცა არ შეგიძლია, იქ ჩახვიდე და საქმე გამოიძიო. რაღაც წამიკითხავს, რაღაც მსმენია და ისტორიიდან ყველამ ვიცით, რომ ჭირისუფლის მიერ თავისი მიცვალებულის მოპარვის ფაქტიც არსებობს, მაგრამ არ მსმენია, პატარა ბავშვების აქციაზე გამოიყვანო და აძახებინო, ცხედარი არ უნდა წაიღოს ჭირისუფალმა. დე ფაქტო ხელისუფლებას მივმართავ, თქვე კაი ხალხო, ამ ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში რატომ აყენებთ და მეხსიერებას რატომ უზიანებთ? ჩვენ ხომ ყველა ამ წუთისოფელში დროებით ვართ, ყველაფერი ზემოთ აბარიათ და თქვენ ხომ იცით, რომ ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან, ბევრ რამეს წაიკითხავენ, თბილისში აუცილებლად ჩამოვლენ, თბილისის გავლით ევროპაშიც წავლენ და იქნებ, ამაზე ერთობლივად გვეფიქრა. ყველაფერი გასაგებია პასუხისმგებლობაც და ის ტკივილიც, რაც ცხინვალში ოჯახებს თავიანთი დაკარგული შვილების გამოაქვთ, მაგრამ ამ ვითარებაში პატარა ბავშვებს ნუ ჩავრევთ“, – მიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ქანთარიამ.

ამასთან, დეპუტატი ოპოზიციის გზავნილებსაც გამოეხმაურა.

„ოპოზიციის გარკვეული ფლანგი მოგვიწოდებს, ყველაფერი გააკეთეთო. ჩვენ ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ და არც გავაკეთებთ, რადგან იმ ყველაფერში 2008 წელია, 2008 წელზე უფრო მწვავე და საშინელი ფინალია. არ მინდა წარმოვიდგინო, რაც დღეს ხდება, შავი სცენარის პროლოგია, მაგრამ თუ ყველფერზე წავალთ რაც ამას წინათ იყო, ეს პროცესი კარგად ვიცით. არ მინდა, ეს შავი სურათი დავხატო, მაგრამ ნახევარი გაქცეულია, ნახევარი დაღუპულია,  შულავერის მთავრობა მოლოდინშია“, – დასძინა ქანთარიამ.