ნუკრი ქანთარია - არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის მიზნით პროგრამა უნდა შემუშავდეს
ნუკრი ქანთარია - არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის მიზნით პროგრამა უნდა შემუშავდეს

საქართველოში მძიმე დანაშაულები შემცირებულია, თუმცა იმატა წვრილმანმა დანაშაულმა, ასევე ოჯახურმა ძალადობამ და ქურდობამ, რომელსაც არასრულწლოვნები ჩადიან, – ამის შესახებ NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.

ქანთარიას თქმით, აუცილებელია, არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის მიზნით კონკრეტული პროგრამა შემუშავდეს.

„ჩემი ინფორმაციით, მძიმე დანაშაულმა იკლო, მაგრამ მოიმატა წვრილმანმა დანაშაულმა, ოჯახურმა ძალადობამ, მოიმატა ქურდობამ და ამას აკეთებენ არასრულწლოვნები, რომლებსაც ხელს ვერავინ ჰკიდებს. აქ დასაფიქრებელია, რა შეიძლება გავაკეთოთ საზოგადოებამ, საკითხის ასე ღიად დატოვებაც არ შეიძლება, რადგან ჯგუფები იქმნება. აუცილებელია, რაღაც პროგრამა შემუშავდეს, რათა შეჩერდეს არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ აუცილებელია გამოსავლის პოვნა.

„საზოგადოების ნაწილის ემოცია, რომელსაც მაგალითად, დილით ავტომობილზე სარკე დახვდა მოტეხილი, ბუნებრივია დაჭერის მოთხოვნა იქნება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, აუცილებელია, ვიპოვოთ გამოსავალი და არა ისეთი, რომ ყველანი ციხეში გავუშვათ“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

დატოვე კომენტარი