ნუგზარ წიკლაური - ყველას ეროვნული ამოცანაა, რომ მავნებლური რეჟიმი, რომელსაც საქართველო უკან მიჰყავს, დასრულდეს დემოკრატიული, თავისუფალი პოლიტიკური მოძრაობების გზით
ნუგზარ წიკლაური - ყველას ეროვნული ამოცანაა, რომ მავნებლური რეჟიმი, რომელსაც საქართველო უკან მიჰყავს, დასრულდეს დემოკრატიული, თავისუფალი პოლიტიკური მოძრაობების გზით

ისე არ არის, მე რომ ჩავიდე, სხვა რამე ვუთხრა ევროპარლამენტის რომელიმე წევრს და მან თქვას, უი, საქართველოში რა ცუდად ყოფილა საქმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„როდესაც შენი ციხის საკნიდან იმზირებიან პოლიტიკური პატიმრები, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როდესაც შენი მართლმსაჯულება არის მიკერძოებული, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის მენეჯერი, ნიკა გვარამია არის დაპატიმრებული, როდესაც ქალაქის ქუჩებში გასულ ზაფხულს ჩვენ ვიხილეთ მედიის წარმომადგენელთა არნახული რბევა, როცა 55 ადამიანი უმოწყალოდ სცემეს და ერთ-ერთი ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც ვხედავთ, რომ საარჩევნო სისტემა არ არის მოდერნიზებული, ამას ყველა ხედავს. ისე არ არის, მე რომ ჩავიდე, სხვა რამე ვუთხრა რომელიმე ევროპარლამენტის რომელიმე წევრს და მან თქვას, უი, საქართველოში რა ცუდად ყოფილა საქმე. ცხადია, ევროპას აქვს თავისი განაწესი, თავისი დაკვირვების მექანიზმები“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ინფორმაციას იღებს საქართველოში არსებული საელჩოებიდან, ქვეყანაში ჩამოსული ადამიანებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციით.

„ნურავინ წარმოიდგენს, რომ ევროპარლამენტს ან ევროკავშირს არ აქვს ინფორმაცია იმ საელჩოებიდან, რომლებიც აქ არის, ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოში ხშირად ჩამოდიან და მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის შედეგად“, – განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურმა ასევე განაცხადა, რომ ევროპაში სვამენ კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„იქ სვამენ კითხვებს, მე კი არ ვსვამ მხოლოდ?! იქ სვამენ კითხვებს, რატომ არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ამდენი ხანი, რატომ დაიჭირეს ახლა ნიკა გვარამია, სწორედ ევროპაში გაწევრიანების წინ, რატომ თქვა საქართველოს მთავრობამ, რომ სანქციები არის უმნიშვნელო და მხოლოდ ახლა დაიწყეს ლაპარაკი, თურმე ამ სანქციებს რაღაც მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა წიკლაურმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ის საკითხი, რომელზეც თუნდაც დროებით, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელმა პარტიული ინტერესი გვერდით უნდა გადადოს, წიკლაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ოპოზიციამ არ ითანამშრომლოს ამ საკითხში.

„არის კითხვარი, ხელისუფლებამ გასცა პასუხები და ქართველ ხალხს დაუმალა, რა ჩაწერა ამ პასუხებში. დაგიმალათ თქვენ, ჟურნალისტებს, ჩვენ, პოლიტიკოსებს, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას დაუმალა, რა დაწერა ამ პასუხებში. ამიტომ, ახლა ჩვენი თანამშრომლობის არეალი შეზღუდულია“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ევროპისთვის მიუღებელია ოლიგარქიული მმართველობა და ევროპისა და აშშ-ის ლანძღვა.

„ოლიგარქიული მმართველობა ევროპისთვის არის მიუღებელი; ევროპის ლანძღვა-გინება, აშშ-ის ლანძღვა არის მიუღებელი. ამიტომ, მე მიმაჩნია – ილუზიაა ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო გახდება თავისუფალი და ევროპული ქვეყანა. ამიტომ, ჩვენი, ყველას ეროვნული ამოცანაა, სხვათა შორის, არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების, რომ მავნებლური რეჟიმი, რომელსაც საქართველო მხოლოდ და მხოლოდ უკან მიჰყავს, დასრულდეს დემოკრატიული, თავისუფალი პოლიტიკური მოძრაობების გზით და საქართველოს მართლაც გაეხსნას ევროპული მიმართულებით გზა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.