ნუგზარ წიკლაური - გირგვლიანის საქმე ბუნებაში არ არსებობს, რადგან შეწყალებაზე სააკაშვილის გადაწყვეტილება ეხებოდა პირთა ფართო წრეს, რომელშიც იყვნენ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ადამიანებიც
ნუგზარ წიკლაური - გირგვლიანის საქმე ბუნებაში არ არსებობს, რადგან შეწყალებაზე სააკაშვილის გადაწყვეტილება ეხებოდა პირთა ფართო წრეს, რომელშიც იყვნენ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ადამიანებიც

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

მისივე თქმით, დასავლეთიდან მომდინარე გამოხმაურებებიც მეტყველებს, რომ სააკაშვილი პილიტიკური მოტივებითაა დაკავებული.

„ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი იყო უამრავ ქვეყანაში. საქართვლოს ხელისუფლებამ მიმართა ყველა ამ ქვეყანას – აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებს და არც ერთმა მათგანმა არ გაიზიარა ქართული პროკურატურის მოტივები, არ გაიზიარა, რადგან სრულიად ცხადად ჩანდა, პოლიტიკური მოტივებით იყო აღძრული საქმეები და სამართლებრივ საქმეებთან მას კავშირი არ ჰქონდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. თვითონ ისიც, რისთვისაც მას ბრალი აქვს წაყენებული – პიჯაკების საქმე, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, თუ სხვა, კარგად მეტყველებს ამ პოლიტიკურ საფუძველზე. ის გამოხმაურებებიც, რომლებიც დასავლეთიდან მოდის, იმაზე მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პილიტიკური მოტივებითაა დაკავებული“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება შეკითხვას: „მას ხომ მსჯავრი დაედო ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე? სააკაშვილს ამ საქმეებთან კავშირი არ ჰქონია?“, – ნუგზარ წიკლაური პასუხობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე ბუნებაში არ არსებობს, რადგან შეწყალებასთან დაკავშირებით სააკაშვილის გადაწყვეტილება ეხებოდა პირთა ფართო წრეს, და ამ წრეში იყვნენ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ადამიანებიც.

ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ პირებზე ცალკე არავის მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, შეწყალება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება.

წიკლაურის თქმით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება იმაზე, რაც არის პრეზიდენტის დისკრეცია, პირდაპირ მეტყველებს პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებაზე.

„სანდრო გირგვლიანის საქმე ბუნებაში არ არსებობს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ეხებოდა პირთა ძალიან ფართო წრეს, და ამ წრეში იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც სანდრო გირგვლიანის საქმესთან იყვნენ დაკავშირებული. ცალკე არავის მიუღია გადაწყვეტილება, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ პირებზე მომხდარიყო რამე, მაგრამ თუნდაც ასე ყოფილიყო, ამას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ეს არის ნონსენსი, შეწყალება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება იმაზე, რაც არის პრეზიდენტის დისკრეცია, პირდაპირ მეტყველებს, რომ ამ შემთხვევაში ხდება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.