ნუგზარ წიკლაური - მომავალ პარლამენტში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად გამოვიყენოთ
მომავალ პარლამენტში ჩემი ყურადღება იქნება მიმართული სწორედ იმისკენ, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები გამოვიყენოთ საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი კომისიის მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მასში მაღალკვალიფიციური ექსპერტები უნდა ჩაერთონ.
„კომისიის მუშაობა, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს. კომისიაში უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც იმოღვაწევებენ იქ და ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ არანაირი პოლიტიკური შემადგენელი ამ კომისიის მუშაობას არ ჰქონდეს. რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იქნება ნამდვილი ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ხალხზე, ზრუნავს თავის საზღვრების დადგენაზე, თავის საზღვრების დაცულობაზე, ჩვენ ყოველთვის მოვძებნით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ენას, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ისეთი გამორჩეული ძეგლი, როგორიც არის დავით გარეჯი, საბოლოო ჯამში ეკუთვნოდეს საქართველოს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არის რესურსი აზერბაიჯანთან მოლაპარაკების. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ნაბიჯები გადავდგათ, როგორიც იდგმებოდა კიდეც, რომ ისეთი სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხი, როგორიცაა დავით გარეჯი და ის მონასტრები, რომლებიც არის მის გარშემო, საბოლოდ იყოს საქართველოს შემადგენლობაში. არ მგონია, რომ ამ საკითხს ჰქონდეს რამე ისეთი სახის წინაღობა, რომლის გადალახვაც ჩვენ ვერ შევძლოთ“, – განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაურის განცხადებით, „რუკების გამოჩენა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“.
„ეს რუკები არსებობს 1994 წლიდან, თვითონ თქვეს, წამოსცდათ, რომ ეს იყო მათი პოლიტიკური ჯოკერი ოპოზიციის წინააღმდეგ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც არანაირად არ წაადგება საქმეს. ერთი მხრივ, ის უკავშირდება პოლიტიკას, მეორე მხრივ, ძაბავს ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ, ის ხელისუფლება, რომელიც ამას იკადრებს, რომელიც დავით გარეჯის თემას ჩათვლის ჯოკრად თავის წინასაარჩევნო კამპანიაში, ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს. ეს არის რუსული „ფეესბეს“ ოპერაცია საქართველოს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ. რაც შეეხება რუკებს, მასალებს, ისტორიულ წყაროებს ყველაფერი მოძიებული იქნება სამომავლოდ იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგი. მომავალ პარლამენტში ჩემი ყურადღება იქნება მიმართული სწორედ იმისკენ, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები გამოვიყენოთ საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად“, – განაცხადა წიკლაურმა.