ნუგზარ წიკლაური - მხარდამჭერების გამოკითხვის შემდეგ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
ნუგზარ წიკლაური - მხარდამჭერების გამოკითხვის შემდეგ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პარტიისთვის მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის განიხილეს თვითმმართველობის არჩევნებთან და პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული საკითხები.

„მიმაჩნია, ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ შეხვედრას უძღოდა არის გამოგონილი. პარტიის თავჯდომარე და პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი ერთმანეთს ჩვენს მეგობრებთან, სხვადასხვა ლიდერთან ერთად შეხვდნენ. ეს ბუნებრივი და კარგია, ჩვენი პარტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. აქ საუბარი სხვადასხვა თემაზე იყო. ერთი საკითხია შემდგომი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა და ის ფორმალობები, რომლებზეც უნდა შევთანხმდეთ. მეორე – შეწყდება თუ არა ბოიკოტი და შევა თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამასთან, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების ფართო გამოკითხვა ჩატარდება, რის შემდეგაც გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

„ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების ფართო გამოკითხვა ჩატარდეს და იმ გზებს, რომლითაც ეს გამოკითხვა მოხდება, სულ მოკლე ხანში გაიგებთ. გამოკითხვის შემდეგ პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც ჩატარდება“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

კითხვაზე: „როდის დაბრუნდება ნიკა მელია კიევიდან“, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„მგონი ორიოდ დღეში, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა წიკლაურმა.