ნუგზარ წიკლაური - მეგის ქარდავას აქვს გარკვეული ქმედებები და ამისთვის გასცემს პასუხს, მაგრამ თავისუფალ სასამართლოს
ნუგზარ წიკლაური - მეგის ქარდავას აქვს გარკვეული ქმედებები და ამისთვის გასცემს პასუხს, მაგრამ თავისუფალ სასამართლოს

მეგის ქარდავას აქვს გარკვეული ქმედებები და ამისთვის გასცემს პასუხს, მაგრამ თავისუფალ სასამართლოს, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა.

„ჩვენ რაიმე სახელმწიფოებრივ საკითხებში გადაკვეთა არასოდეს არ გვქონია, თუმცა პირადი ნაცნობობა, ეპიზოდური, მქონდა მეგის ქარდავასთან. რაც შეეხება მის ჩამოყვანას, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ეს აღიარა პრაქტიკულად მთელმა მსოფლიომ, მათ არ სურთ არც სასამართლო და არც სასამართლოს რეფორმირება. ამიტომ ახლა შეუძლებელია იმ განაჩენებზე საუბარი და იმ განაჩენების დაჯერება, რომლებიც ამ უსამართლო სასამართლოს მიერ იქნა გამოტანილი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს ექნება სასამართლო და საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ამ ქვეყანაში იყო. იქამდე ყველა ამ ადამიანს მოუწევს შეგუება იმ ვითარებასთან, რაც ამ ქვეყანაში არის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამასთან, როგორც წიკლაურმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ მეგის ქარდავას დროს დაზარალებულებს სტრასბურგის სასამართლოში აქვს მოგებული პროცესები: „ვერ გეტყვით, თუ სტრასბურგის სასამართლოში აქვს მოგებული. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს ალბათ ჰქონდა საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილება მიეღო კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს გადაწყვეტილებები ქართული სასამართლოს სახელით და ამის ნდობა არის შეუძლებელი. რა გადაწყვეტილებებიც არსებობს საერთაშორისო სასამართლოების სახელით, იქ შესაბამისად მიკერძოების ხარისხი ჩემი აზრით არ არის ისეთი, რომ მიიღონ არასწორი გადაწყვეტილებები. ეს არის და ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მეგის ქარდავა არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული ქმედებები განხორციელებული და ამ გარკვეული ქმედებებისთვის ის აგებს პასუხს, ის გასცემს პასუხს ამ კითხვებზე, მაგრამ თავისუფალ სასამართლოს, მაგრამ სამართლიან სასამართლოს, რაც საქართველოში არ არის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.