ნუგზარ წიკლაური - გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს, ვინმეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა თუ უნდა, ისე წავიდეს, რომ უკან ქვების სროლას არ მიჰყოს ხელი
ნუგზარ წიკლაური - გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს, ვინმეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა თუ უნდა, ისე წავიდეს, რომ უკან ქვების სროლას არ მიჰყოს ხელი

გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს და მის მიერ ჩამოთვლილ მიზეზთაგან სიმართლესთან არც ერთია ახლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძეს უბრალოდ პარტიიდან წასვლა უნდოდა.

„უბრალოდ ადამიანს წასვლა უნდოდა და თუ ვინმეს ამ პარტიიდან წასვლა უნდა, შეუძლია, წავიდეს, მაგრამ წავიდეს ისე, რომ უკან ქვების სროლას არ მიჰყოს ხელი“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება არაორდინალური სიურპრიზი იყო და ეს არ არის სწორი დამოკიდებულება იმ პარტიის მიმართ, რომლის თავმჯდომარეც დღემდე იყო. 

„ჩვენ მადლიერი ვართ ბატონი გრიგოლის იმის გამო, რაც მან 2016 წლიდან დღემდე გააკეთა და ასევე მადლიერი ვართ იმ დიდი წვლილის, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და შემდგომ არაღიარების პოლიტიკაში ითამაშა, თუმცა ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე კი ის არის, რომ პარტიის თავმჯდომარის ამ ტიპის გადაწყვეტილებების შესახებ „ფეისბუქის“ პოსტით არ უნდა ვიგებდეთ“, – განაცხადა წიკლაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე მას პარტიისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ნუგზარ წიკლაურმ განაცხადა, რომ ამაზე არავითარი აზრთა სხვაობა არ ყოფილა.

„ყოველ შემთხვევაში, მას ეს საჯაროდ არ გამოუთქვამს და დანარჩენს, გულში თუ რამე ჰქონდა, ვერ გეტყვით“, – განაცხადა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვის, ეს მძიმე ბრძოლაა და არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი დიდი წნეხის პირობებში შესვენება სჭირდებათ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის არც ერთი, არც ასი, არც ათასი და არც ასი ათასი ადამიანი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც კი და პარტია არის მეინსტრიმული, მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრიობის და ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეის ხორცშესხმა. ასე რომ, ბატონი გრიგოლის ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპული პოზიციის თვალსაზრისით, არაფერი შეიცვლება და ჩვენ კვლავ ისე გავაგრძელებთ ბრძოლას ხელისუფლების ამ დამღუპველი კურსის წინააღმდეგ, როგორც აქამდე “, – განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, თუ გრიგოლ ვაშაძეს ქომაგად თეა წულუკიანი დარჩა, ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად მცდარია მისი პოზიცია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ახდენს თუ არა პარტიის დღის წესრიგზე გავლენას ვანო მერაბიშვილი, წიკლაურმა უპასუხა, რომ მერაბიშვილს, როგორც პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრ ადამიანთან გამორჩეული კონტაქტები აქვს, თუმცა პარტიაში არანაირი ფორმალური პოზიცია არ უკავია და გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„ყურით მოთრეულია, რომ თითქოს, ვანო მერაბიშვილის გამო რამე მოხდა. მით უმეტეს, ბატონი გრიგოლი თავის დილის განცხადებებში არ ლაპარაკობს ბატონ ვანო მერაბიშვილზე, მის სახელსა და გვარს არც ახსენებს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.