ნუგზარ წიკლაური - დაიკარგა საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას, ეს არის უმძიმესი რეალობა ქართული სახელმწიფოსთვის
დღევანდელი გამოსვლა, პრაქტიკულად, არის აღიარება იმის, რომ ვერ მოხერხდა ამ ურთიერთობების ჩამოყალიბება და ვერ დაიძლია ის საერთაშორისო კრიზისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უმძიმესი რეალობა და ნამდვილი დრამა ქართული სახელმწიფოსთვის. რეალურად, ამ შემთხვევაში, ამ ფაქტის კონსტატაციისას ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დაიკარგა საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, როდესაც აშშ-ის კონგრესი უდიდესი უმრავლესობით, 80%-ით იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, საუბარი იმაზე, რომ რაღაც მასონური ძალები ებრძვიან ხელისუფლებას და „დიფ სთეითი“ არსებობს, ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა მხარდაჭერა „მეგობარი აქტს“ აშშ-ის სენატში, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას ახლა ამის პროგნოზირება არ შეუძლია, თუმცა ინდიკაციები არსებობს.
„ეს წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც არის ლაპარაკი და შეურაცხმყოფელი ტონალობა, რაღაც „დიფ სთეითზე“ მიმართებები, სამწუხაროდ, არ ტოვებს უკეთესის იმედს“, – განაცხადა წიკლაურმა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩომ და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რა უნდა გამოსწორდეს, რათა სერიოზულად დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა.
„აქ ახლა ბევრი ვარაუდები არ არის საჭირო. ისინი ღიად გამოთქვამენ თავიანთ აზრს. მე ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური ძალადობის შეწყვეტა“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, არცერთი ხელისუფლება არ ღირს იმისთვის, რომ ხალხს წაართვა თავისი ისტორიული წარსული, აწმყო და მომავალი.
„არ შეიძლება ამის გაკეთება. მე არ მიხარია, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემები, რადგან ვიცი, ქვეყანაც ზარალდება ამასთან ერთად. ამიტომ ახლა უარყოფა ევროპული გზის და უარყოფა აშშ-ის, ყველაზე სანდო სტრატეგიული პარტნიორის და ქართველი ხალხისთვის იმის თქმა, რომ ჩვენი მოკავშირე არის აიათოლების ირანი, ჩასვლა იქ რაღაც პანაშვიდებზე და ცრემლების ღვრა, მე მგონია, უბრალოდ არის წარმოუდგენელი რამ, თითქოს რაღაც პარალელურ სამყაროში ვცხოვრობ“, – განაცხადა წიკლაურმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა მთავარ გარემოებებზეა ახლა დამოკიდებული ამ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რომელიც ნოემბრიდან არის შეჩერებული, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები.
შეკითხვაზე, რას აკეთებს ოპოზიცია ახალი არჩევნების მისაღწევად და რას აკეთებს ქვეყნის შიგნით, როდესაც ელექტორატის მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ისმის არაერთი პრეტენზია ოპოზიციის პასიურობასთან და მკაფიო სამოქმედო სტრატეგიის არარსებობასთან დაკავშირებით, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სტრატეგია არის მათი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ უმთავრესი არის ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც გამოხატულია მართლაც ჰეროიკული 160-დღიანი პროტესტით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.