ნუგზარ წიკლაური - ამნისტიას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან შეუძლებელია გათანაბრდეს მსხვერპლი და მოძალადე
ნუგზარ წიკლაური - ამნისტიას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან შეუძლებელია გათანაბრდეს მსხვერპლი და მოძალადე

ამნისტიას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან შეუძლებელია გათანაბრდეს მსხვერპლი და მოძალადე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მისაღებია ნიკა მელიას გათავისუფლება ევროპარლამენტარების თავდებობის საფუძველზე.

„ჩვენს ხელში არ არის ციხის გასაღები. ხელისუფლება და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც იმ დღეს პასუხისმგებლობა აიღეს, რა გზებს მიმართავენ, ეს იქნება თავდებობა, რომელსაც არ ვეწინააღმდეგებით, თუ იქნება სხვა გზა, გარდა დამამცირებელი გირაოს გადახდისა, ჩვენთვის არის მისაღები. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს პირველი გადაწყვეტილება, ეს არ ცვლის მეორე ნაწილს, საქმის შეწყვეტას და ამნისტიის მიღებას, რომლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ამ ამნისტიის მეორე ნაწილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ვთვლით, რომ შეუძლებელია გათანაბრდეს მსხვერპლი და მოძალადე, მსხვერპლი და ჯალათი ერთმანეთთან. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ „გავაპრავებთ“ იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იქნა იმ დღეს.

ჩვენ როგორ შეიძლება წინააღმდეგი ვიყოთ რაიმე სახის თავდებობაზე, პირიქით მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩათვლის, რომ ეს დანაშაული არ არის. ყველა ასეთი თავდებობა ირიბად და პირდაპირაც მიუთითებს ამ საქმის პოლიტიკურ შინაარსზე. ასეთ შემთხვევაში გირაოს გადახდა დანაშაულია, რაიმე ფორმით აღიარება, ჩვენი მხრიდან არ მოხდება, რადგან ვთვლით, რომ ეს არის უსამართლო პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება ვითომ მართლმსაჯულებისთვის“, – განაცხადა წიკლაურმა.