ნუგზარ თინიკაშვილი - ვიმედოვნებ, უმოკლეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა
ნუგზარ თინიკაშვილი - ვიმედოვნებ, უმოკლეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა

ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის კონკრეტული ვადის დასახელება ძალიან რთულია, შესაბამისად, ყოველწუთიერი მოლოდიანია, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

მისი თქმით, ამ მოლოდინის საფუძველს საკითხზე საქართველოს ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის, ყველა შესაბამისი სტრუქტურის, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა და საპატრიარქოს ჩართულობა იძლევა.

„ვიმედოვნებ, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს ცხედრის გადმოცემა, მაგრამ კონკრეტულ ვადას ვერავინ გვეუბნება. შესაბამისად, ყოველ წუთს ველოდებით, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს.

მოგეხსენებათ, დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აღარ გვაქვს. თუმცა შუამავალი ქვეყანა შვეიცარიაა და  ჟენევის ფორმატსა და ერგნეთის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარე, ყველა ელჩი და თანათავმჯდომარე ჩართულია ამ პროცესებში, ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. არც ერთ მსგავს ფაქტს ამხელა რეზონანსი, მსოფლიო რეზონანსი არ მოყოლია და ეს არის ჩვენი ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური სამსახურების ძალიან დიდი მუშაობის შედეგი“, – აცხადებს თინიკაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის ყველა ტრიბუნა და რესურსი გამოიყენა.

ოკუპირებული ცხინვალიდან გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ. ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება კვლავ არ ეძლევათ საქართველოს იმ ორ მოქალაქეს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.

გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართა და არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობა სთხოვა.