ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა
ოკუპირებული ახალგორის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი პირველ არხთან საუბრისას ადასტურებს. თინიკაშვილის განმარტებით, რეჟიმის გამკაცრება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, ისე არჩილ ტატუნაშვილის საქმეს.
„გავიგე, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე უფრო მკაცრი კონტროლია. ყველა შემსვლელ-გამომსვლელი მანქანა მოწმდება. დანარჩენი შიგნით რა ხდება, ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი. რეჟიმის გამკაცრება, შესაძლოა, დაგეგმილ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან და ტატუნაშვილის საკითხთან კავშირში იყოს, მაგას დრო და გამოძიება გვიჩვენებს“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, ოკუპირებულ ახალგორში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმია მობილიზებული. “რადიო თავისუფლების” წყაროს ინფორმაციით, ე.წ ომონი დაბაში ცხინვალიდან ჩამოიყვანეს, რომლებიც ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს ჩხრეკს. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან განმარტავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა მოახლოებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება.
ოსური სააგენტო “რესის” ცნობით კი, ახალგორის რაიონში, ხიდის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვნეს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახელს უკავშირდება. ოსურმა სააგენტომ ეს ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. ამ ფაქტის შესახებ ახალგორის გამგებელს ნუგზარ თინიკაშვილს ინფორმაცია არ აქვს.
“ნამდვილად არ ვიცი. ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა თინიკაშვილმა.