ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან 24 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან 24 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. კორპუსიდან ადგილობრივების გადაყვანა ორ ეტაპად განხორციელდა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მედიკოსს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში მის ახლობლებთან. ასევე, არსებული ინფორმაციით, ამ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე პირს დაუდგინდა კორონავირუსი.

ადგილობრივების ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც დღეს კარანტინში გადაიყვანეს, თავად გამოთქვეს სურვილი, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყვნენ, რადგან თავად არ ჰქონდათ თვითიზოლაციაში ყოფნის შესაძლებლობა.

ჯანდაცვის სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საკარანტინო სივრცეში სულ 24 პირი გადაჰყავთ, ისინი ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტექტები არიან და არც ერთ მათგანს ამ ეტაპზე კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს.