ნუცუბიძის ქუჩაზე მოსახლეობა კორპუსთან დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს
ნუცუბიძის ქუჩაზე მოსახლეობა კორპუსთან დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს

თბილსიში, ნუცუბიძის 26-ში მდებარე კორპუსის მოსახლეობა მათ მახლობლად დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. მათი განმარტებით, საუბარია ამხანაგობა „დელისი 3-ის“ პროექტზე, რომლის მიხედვით, მათივე კორპუსთან მდებარე უკვე აშენებულ კორპუსს მესამე სადარბაზოც უნდა მიაშენონ.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს კორპუსთან მისასვლელი გზის ჩაკეტვას გამოიწვევს, რის გამოც საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მანქანების შესვლაზე პრობლემა შეიქმნება.

ამასთან, ტერიტორიაზე არსებული ე.წ. ბარაკების მცხოვრებლები აქციის მონაწილეებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მშენებლობა უნდა გაგრძელდეს.

აქციის მონაწილეთა არგუმენტებს არც „დელისი 3“-ში იზიარებენ. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მშენებლობის ნებართვა კანონის დაცვით აქვთ მიღებული და ყველა ნორმა გათვალისწინებულია.