ნუცუბიძის 127 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ [ფოტო]
ნუცუბიძის 127 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ [ფოტო]

ნუცუბიძის 127 ნომერში მცხოვრებლები დედაქალაქის მერთან შეხვედრა ითხოვენ.

მათ საპროტესტო აქცია ერთ-ერთი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე 35-სართულიანი კორპუსების მშენებლობა იწყება.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპლექსის აშენება მათ უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნის. ასევე, შეკრებილების განმარტებით, აღარც ეზო ექნებათ.

როგორც აქ მაცხოვრებლებმა განაცხადეს, ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგეს, თუმცა მათივე ინფორმაციით, ამის მიუხედავად მშენებლობა მაინც იგეგმება.

აქციის მონაწილეებს უპასუხეს თბილისის მერიაში.

როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ნუცუბიძის #127-ში მდებარეობს კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელი მშენებლობა, რომლის უკან დგას ასობით დაზარალებული მოსახლე, რომლებიც წლებია, ბინებს ელოდებიან.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სვეტის მშენებლობების დასრულება გადაიბარა კომპანიამ  „მ 2“. პროექტი სრულად შეესაბამება გამწვანების, სატრანსპორტო, დასასვენებელი სივრცეების მოთხოვნებს და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რასაც მერია უყენებს დეველოპერებს. რაც შეეხება K კოეფიციენტის ზრდას, თქვენ იცით, რომ დაუსრულებელი მშენებლობების შემთხვევაში მერია გამონაკლისის სახით იძლევა კოეფიციენტის ზრდის უფლებას. თბილისის მერია და კომპანია „მ 2“ არაერთხელ შეხვდა მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს და გაითვალისწინა მათი ყველა გონივრული მოთხოვნა“ ,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

დატოვე კომენტარი