ნუცა დათუაშვილი - აბასთუმანში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა იგეგმება
ნუცა დათუაშვილი - აბასთუმანში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა იგეგმება

აბასთუმანის რეაბილიტაციის ფარგლებში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუცა დათუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კურორტ აბასთუმანის ახლახან დასრულებული რეაბილიტაცია და მისი საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ აბასთუმანის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც 2017-2018 წლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, დღეის მდგომარეობით, 18 ისტორიული სახლისა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია განხორციელდა. დასრულებულია აბასთუმანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც, რაც კურორტის გეგმაზომიერად განვითარების საფუძველს იძლევა. ამჟამად კურორტის ურბანული განახლების პროექტირება მიმდინარეობს.

დისკუსიის დროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აბასთუმანის საინვესტიციო პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მართალია კურორტის რეაბილიტაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა პირველ ეტაპზე სახელმწიფო იყო, მაგრამ ეს კერძო ინვესტორების წახალისებას და ე.წ. საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვას ისახავდა მიზნად. 

„თეორიულად საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი უკვე განხორციელდა. მთავარი მამოძრავებელი სახელმწიფოა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურაში დებს ინვესტიციას და ამის განახლებას ახორციელებს. ეს უკვე მიმზიდველია კერძო სექტორისთვის, რომ მოვიდეს და რაღაც გააკეთოს, თუმცა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის ყველაზე კარგი ვარიანტი ის არის, როდესაც იურიდიულად დაერქმევა სახელი: წილში იქნება სახელმწიფო, კერძო სექტორი, ადგილობრივებიც. ასეთი პროექტი აქ არ განხორციელებულა, თუმცა ამ ურბანული განახლების ერთ-ერთი კომპონენტი ზუსტად ეს საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელია, სადაც იქნებიან მცირე თუ დიდი მეწარმეები და სახელმწიფო იმათთან ერთად გააკეთებს მაგალითად მუზეუმს, ვიზიტორთა ცენტრს თუ სხვა რამეს. არ აქვს მნიშვნელობა ფუნქცია რა იქნება. გვინდა, იურიდიულად აქამდე მივიდეთ“, – განაცხადა დათუაშვილმა.

მისი განმარტებით, აბასთუმანში შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში უკვე 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვას ელოდებიან, თუმცა კურორტის საინვესტიციო პოტენციალი შეუზღუდავია.

„100 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შემოდინებას ველოდებით. ამაზე მეტის თქმა ძალიან გამიჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან ვთანამშრომლობთ. ეს საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციაა, რაც უკვე ვიცით, რომ შემდეგი ერთი-ორი წლის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა ამით კურორტის განვითარება არ მთავრდება და ინვესტიციის შესაძლებლობა უსაზღვროა. რამდენი შენობა და თავისუფალი მიწაც არის აბასთუმანში, კურორტმა იმდენი ინვესტიცია შეიძლება მოიზიდოს“, – განუცხადა ნუცა დათუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.