ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა — WWF შიშობს, რომ ეკოსისტემა საფრთხეშია #1tvმეცნიერება
ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა — WWF შიშობს, რომ ეკოსისტემა საფრთხეშია #1tvმეცნიერება

ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ცნობით, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში სულ მცირე 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზედაპირზე მოტივტივე ჩაღვრილი ნავთობის ზოლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ, საქმის შესწავლა დაიწყეს. რუსეთის პროკურატურის ცნობით, სწავლობენ საკურორტო ქალაქ ანაპასა და ნოვოროსიისკს შორის სანაპირო ზოლს.

ამ ზონის პლაჟები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რუს დამსვენებლებს შორის.

გაჟონვა ქალაქ ნოვოროსიისკის პორტში, საზღვაო ტერმინალიდან მაშინ მოხდა, როდესაც ნავთობს საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ Minerva Symphony-ზე ტვირთავდნენ.

9 აგვისტოს, ტერმინალის მფლობელმა, კასპიის მილსადენის კონსორციუმმა (CPC) განაცხადა, რომ გაჟონვა შეაჩერეს და ვარაუდობდა, რომ დაახლოებით 12 კუბური მეტრის მოცულობის ნავთობი ზღვაში 200 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.

კასპიის მილსადენის კონსორციუმის მეწილეები არიან რუსული კომპანია Rosneft-ი, ამერიკული Chevron-ი და იტალიური Eni.

WWF და რუსი მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ გაჟონვა იმაზე გაცილებით სერიოზული და საზიანო იყო გარემოსთვის, ვიდრე ამის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

WWF-ის განცხადებით, მან საკუთარი დაკვირვებები ჩაატარა და დაადგინა, რომ ზედაპირზე მოტივტივე ნავთობი 94 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული.

ორგანიზაცია Greenpeace კი იუწყება, რომ დაბინძურებული ზონა შეიძლება იმაზე 400 000-ჯერ დიდი იყოს, ვიდრე ამის შესახებ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია.

WWF-ის შეფასებით, შავ ზღვაში ჩაიღვარა სულ მცირე 100 ტონა ან გაცილებით მეტი ნავთობი.

ორგანიზაცია შიშობს, რომ ზღვის ბინადრებს საფრთხე ემუქრებათ.

WWF Russia-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალექსეი კნიჟნიკოვის განცხადებით, მოტივტივე ნავთობი ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდა, უკვე მიაღწია მეღვინეობით განთქმულ სოფელ აბრაუ-დიურსოს, მოგვიანებით კი შეიძლება მისწვდეს უტრიშის ბუნების ნაკრძალსაც.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჟონვის მასშტაბების შესახებ მარეგულირებელი ორგანოებისგან ობიექტური ინფორმაცია არ გვაქვს“, — განუცხადა კნიჟნიკოვმა გამოცემა AFP-ს.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ დაბინძურებას ისიც აკვირდება და თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ნავთობი ზღვაში დაახლოებით 80 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული.

„8 აგვისტოს, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე ნავთობი სანაპიროდან ღია ზღვაში 19 კილომეტრის სიღრმეზე იყო შესული“, — წერს ინსტიტუტი განცხადებაში.

Greenpeace Russia-ს წარმომადგენელი ვიქტორია გლუშჩენკო აღნიშნავს, რომ თუ კოსმოსის კვლევის ინსტიტუტის მონაცემები სწორია, ეს გაჟონვა ამ ზონაში დააზარალებს თევზებს, ფრინველებსა და საზღვაო ეკოსისტემას.

„გარდა ამისა, რისკის ქვეშაა ადამიანების ჯანმრთელობაც, მათ შორის ამ ზონაში მყოფი ტურისტების“, — ამბობს გლუშჩენკო.

საკურორტო ქალაქ ანაპის სიახლოვეს მდებარე დელფინარიუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ზედაპირზე მოტივტივე ნავთობი მათაც ნახეს და საკუთარი დელფინების დაცვაზე დაიწყეს მუშაობა.

კონსორციუმის დირექტორი, ნიკოლაი გორბანი ავრცელებს ცნობას, რომ დაწყებულია დაბინძურებული ზონის გასუფთავებითი სამუშაოები.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ ზონაში, ნოვოსიბირსკის სამხრეთით მდებარეობს ის მდიდრული სასახლე, რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მტკიცებით, რუსმა ოლიგარქებმა პრეზიდენტ პუტინს აუშენეს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი