„ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი დონ სტერჯესი გარდაიცვალა
„ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი დონ სტერჯესი გარდაიცვალა

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი ქალი გარდაიცვალა. 44 წლის დონ სტერჯესი, რომელიც ქალაქ ეიმსბერიში მოიწამლა, 30 ივნისს გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ექიმებმა მალევე დაადასტურეს, რომ ის და მისი მეგობარი ჩარლი როული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ქალის გარდაცვალების შემდეგ, სკოტლანდ იარდმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. პოლიციის ცნობით, სტერჯესთან ერთად, მოწამლული ჩარლი როულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ეიმსბერიში მომხდარს დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული დეპარტამენტი იძიებს. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ბრიტანელი წყვილი მას შემდეგ მოიწამლა, რაც მათ ხელში „ნოვიჩოკით“ დაბინძურებული ნივთი აიღეს. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ სტერჯესი და როული მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტები არ ყოფილან და მათი მოწამვლა „შემთხვევითობაა“.

დონ სტერჯესის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ ბრიტანელი პოლიტიკოსები. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ის შეშფოთებული და შეძრულია მომხდარით.

„ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს. პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ინციდენტის გამოძიებაზე მუშაობენ და ფაქტების დადგენას ცდილობენ. მომხდარს იძიებენ, როგორც მკვლელობას“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

ბრიტანეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმაც. საჯიდ ჯავადის თქმით, მომხდარი სამწუხარო ფაქტი ძალისხმევას მატებს პოლიციას, რომ ინციდენტი დროულად იყოს გამოძიებული.

როგორც ცნობილია, სტერჯესი და როული მოწამვლამდე რამდენიმე დღით ადრე სოლსბერიში იმყოფებოდნენ. ოთხი თვის წინ სწორედ ამ ქალაქში მოწამლეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.

ბრიტანული მედია სტერჯესისა და როულის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ წყვილი სიგარეტის ნამწვით მოიწამლა. როულის მეგობრები ამბობენ, რომ მას ჩვევად ჰქონდა ქუჩაში დაგდებული სიგარეტის ნამწვავის აღება.

ბრიტანული გამოძიება ვარაუდობს, რომ სტერჯესი და როული სკრიპალების მოწამვლის დროს გამოყენებული „ნოვიჩოკის“ ნარჩენებით მოიწამლა.