„ნოვიჩოკის“ შემქმნელმა ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა
„ნოვიჩოკის“ შემქმნელმა ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა

ნოვიჩოკის“ შემქმნელმა, ვილ მირზაიანოვმა ალექსეი ნავალნის ბოდიში მოუხადა. აშშ-ში მცხოვრები ქიმიკოსი აცხადებს, რომ რუს ოპოზიციონერს რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ნავალნის ამ კრიმინალურ ბიზნესში მონაწილეობისთვის – ამ ნივთიერების შექმნისთვის, რომლითაც ის მოწამლეს“, – განაცხადა მირზაიანოვმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.

მირზაიანოვმა, რომელიც 1995 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობს აღნიშნა, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება სამხედრო შხამების გამოყენებასთან ბრძოლას მიუძღვნა. „დოჟდთან“ ინტერვიუში მეცნიერმა თქვა, რომ 1993 წელს იგი შეხვდა კაცს, რომელიც გადაურჩა „ნოვიჩოკის“ მოწამვლას და ამ მამაკაცის სიმპტომები ნავალნის მიერ აღწერილი სიმპტომების მსგავსი იყო.

მირზაიანოვის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც დაფაზე სიტყვების დაწერა შეუძლებელია, რომელზეც ნავალნიმ ისაუბრა, დაკავშირებულია ტვინიდან ფუნქციურ ორგანოებზე სიგნალის გადაცემის პრობლემებთან, ვინაიდან „ნოვიჩოკის“ მოლეკულები ხელს უშლიან ცილის დაშლას, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი სიგნალების გადაცემაზე.

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნინოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე გახდა შეუძლოდ. ნავალნის გუნდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი ოპოზიციონერი ქალაქ ტომსკში, სასტუმრო ოთახში სასმელი წყლით მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორ აქამდე ვარაუდობდნენ.

ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობს. გუშინ რუსმა ოპოზიციონერმა „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდება. ნავალნი წერს, რომ მას მობილური ტელეფონის გამოყენება ან ჭიქაში წყლის დასხმა ჯერ კიდევ არ შეუძლია, თუმცა მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.