ნოვაკ ჯოკოვიჩს ოჯახის წევრის გამოსასყიდად ორი მილიონი მოთხოვეს
ნოვაკ ჯოკოვიჩს ოჯახის წევრის გამოსასყიდად ორი მილიონი მოთხოვეს

უსიამოვნო ინციდენტი გადახდა თავს მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს. „დიდი სლემის“ ტურნირების 13-გზის ჩემპიონის მეუღლის ბაბუა მიროსლავ რადისავლევიჩი 25 ივლისს, ღამით გაიტაცეს.

Blic-ის ცნობით, გატაცება ორმა ნიღბიანმა მოაწყო. ისინი ღამის სამ საათზე შეიპარნენ სახლში და ფული მოითხოვეს. 85 წლის მამაკაცმა უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ამიტომაც, ქურდებმა მოხუცი მინდორში წაიყვანეს და 260 დოლარი და მობილური ტელეფონი წაართვეს.

ამის შემდეგ, გამტაცებლებმა შეტყობინება გაუგზავნეს ჯოკოვიჩს და ორი მილიონი ევროს გადახდა მოითხოვეს. მოხუცი შემთხვევით ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა. ის მინდორში ელექტრობოძზე იყო მიბმული. დამნაშავეებს პოლიცია ეძებს.