ნოვაკ ჯოკოვიჩმა საწყისი მატჩი ზედიზედ მეორე „მასტერსზე“ წააგო
ნოვაკ ჯოკოვიჩმა საწყისი მატჩი ზედიზედ მეორე „მასტერსზე“ წააგო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, “დიდი სლემის” ტურნირების 11-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი საბრძოლო ფორმის აღდგენას ვერ ახერხებს. ინდიან უელსის “მასტერსზე” პირველი წრის წაგების შემდეგ, სერბმა მაიამის “მასტერზე” იგივე შედეგი გაიმეორა.

ჯოკოვიჩის დამარცხება ძალიან იოლად შეძლო მსოფლიოს 47-ე ჩოგანმა, ფრანგმა ბენუა პერმა. მან მატჩში რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ოთხი ასეთი შანსი გამოიყენა, ნოვაკს კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც მომგებიან ქულაში გარდასახა, მაგრამ მაშინ, როცა მეორე სეტში 2:4 იყო ჩამორჩენილი.

საბოლოოდ, პერმა საათსა და 9 წუთში 6:3, 6:4 მოიგო და მესამე წრეში ითამაშებს. ჯოკოვიჩი კი ემშვიდობება მაიამის, რადგან მან წყვილებშიც მოასწრო პირველი წრის მატჩის წაგება – მისი და ვიქტორ ტროიცკის დუეტი სამ სეტში დამარცხა მეტკიჩთან და პეიასთან.