ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის წინ - თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ჯერ კიდევ მსურს, ტიტულები მოვიგო #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის წინ - თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ჯერ კიდევ მსურს, ტიტულები მოვიგო #1TVSPORT

3 ივლისს წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი, უიმბლდონი იწყება. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო გათამაშების მოგების მთავარი ფავორიტი მამაკაცთა შორის წელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩია.

შეჯიბრების დაწყებამდე სერბმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და კვლავ სურს ტიტულების მოგება.

„ძალიან მსურს, ტიტულები კიდევ მოვიგო. განსაკუთრებით დიდი მოტივაციით დიდი სლემის გათამაშებებზე გამოვდივარ. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და უმაღლეს დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია.

უიმბლდონზე კარიერის მანძილზე ბევრჯერ მიასპარეზია. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ახალგაზრდა ნოვაკი აქ ოცნებების ასახდენად მოდის. ბავშვობაში ჩემი მთავარი მიზანი უიმბლდონის მოგება იყო.

მუდამ იქნება ვინმე, ვინც კონკურენციას გამიწევს. კარლოს ალკარასი 20 წლისაა, შესანიშნავი ჩოგბურთელია და ამ ასაკშიც კი უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. კორტზე განსაკუთრებული ენერგიით გადაადგილდება. ასევე, შესანიშნავი ადამიანია კორტს მიღმა.

თუმცა, არც ალკარასი და არც სხვა ვინმე ჩემთვის დამატებითი მოტივაციისთვის საჭირო არაა. როდესაც დიდი სლემის ტურნირს ვიწყებ, შვიდი მატჩის მოგებასა და მხოლოდ ჩემპიონობაზე ვარ კონცენტრირებული. ასე რომ, ვინ არის ბადის მეორე მხარეს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ფოკუსირებული ვარ, ჩემს სხეულსა და გონებაზე. ვცდილობ, თითოეული მატჩისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. როლან გაროსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში უკვე ვფიქრობდი, რა მქონდა გასაკეთებელი ბალახის სეზონისთვის“, – განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

თავისი კარიერის მანძილზე ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი შვიდჯერ (2011, 2014, 2015, 2018, 2019, 2021, 2022) მოიგო. თუ წელს იგი კვლავ ტრიუმფატორი გახდება, ლონდონში მოგებული ტიტულების რაოდენობით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება. მიმდინარე წელს სერბმა უკვე მოიგო ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობები.