უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, ოთხ სეტში დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი – 6:2, 4:6, 6:3, 6:2.
პირველ სეტში სერბი სრულ უპირატესობას ფლობდა – ორი ბრეიკის შესრულება შეძლო, თავად კი არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა ესპანელს. მოულოდნელად, მეორე სეტში ბაუტისტა აგუტმა ინიციატივა მოიპოვა, თან ისე, რომ მეტოქე ბრეიკ-პოინტამდეც კი არ მიუშვა, თვითონ სამი ასეთი შანსი მიიღო, აქედან ერთი გამოიყენა და ამის წყალობით სეტებში ანგარიში გაათანაბრა. ეს იყო მეორე პარტია, რომელიც ამ ტურნირზე ჯოკოვიჩმა წააგო.
მესამე სეტში ბაუტისტა აგუტს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე ჯოკოვიჩს – ორი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ ესპანელმა შანსი ვერ გამოიყენა, სერბმა კი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ისევ გავიდა წინ სეტებში.
მესამე პარტიაში ბრძოლა უკვე აღარ შედგა – ამ სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ჯოკოვიჩს ჰქონდა, მან ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და მეხუთე მატჩბოლზე დაასრულა ნახევარფინალი.
შეხვედრა ორი საათი და 48 წუთი მიდიოდა. ჯოკოვიჩმა 10 ეისი ჩააწოდა და სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, 41 „ვინერსი“ შეასრულა და საკმაოდ ბევრი – 29 უნებლიე შეცდომა დააგროვა. მან რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ესპანელმა – ხუთიდან ერთი.
ჯოკოვიჩი 25-ედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. მისი მეტოქე გაირკვევა კლასიკურ დაპირისპირებაში – როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ.