მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ცინცინატის „მასტერსზე“ ტიტულის დაცვისკენ. სერბმა ჩოგბურთელმა საათსა და 26 წუთში მოუგო ფრანგ ლუკა პუეის – 7:6(2), 6:1.
ეს ჩოგბურთელები წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ, ნოვაკმა 83 წუთში მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო ფრანგს. ახლა ჯოკოვიჩს უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდა: პირველ სეტში ვერ შეძლო ბრეიკის შესრულება და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, სადაც ძალიან დამაჯერებელი იყო. თუმცა, მეორე სეტში ორმაგი ბრეიკით გაანადგურა მეტოქე. საბოლოოდ, ნოვაკმა ოთხიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, პუიემ – სამიდან ვერც ერთი.
ნახევარფინალში ჯოკოვიჩი რუს დანიილ მედვედევს შეხვდება, რომელსაც 3:1-ს უგებს ურთიერთშეხვედრებში. თუმცა, წელს მათი ერთადერთი დაპირისპირება მედვედევმა მოიგო – მონტე კარლოს „მასტერსზე“.
მეოთხედფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-პუიე (საფ) 7:6(2), 6:1
მედვედევი (რუს, 9)-რუბლიოვი (რუს) 6:2, 6:3
გასკე (საფ)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 11) 7:6(2), 3:6, 6:2
გოფენი (ბელ, 16)-ნიშიოკა (იაპ) უარი
ნახევარფინალში ხვდებიან
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მედვედევი (რუს, 9)
გასკე (საფ)-გოფენი (ბელ, 16)